საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამარ ათანელიშვილი: „ყოველთვის მაინტერესებდა საკითხები, რომლებიც უკავშირდებოდა ქვეყნის შეზღუდულ რესურსებს, მათ ეფექტიანად გამოყენებასა და განაწილებას. ეკონომიკის როლი კი, ამ პრობლემების გადაწყვეტაში უდიდესია“...

25 წელზე მეტია, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ეკონომიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი, თამარ ათანელიშვილი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექციებს კითხულობს. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როდესაც მტკიცედ გადაწყვიტა უნივერსიტეტში დარჩენა და სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობაში ჩართვა.

„იმ დროს, როდესაც ეკონომიკის სპეციალობაზე ჩაბარება გადავწყვიტე, ეს მიმართულება უკვე საკმაოდ პრესტიჟულად ითვლებოდა. აშკარად ჩანდა, რომ ეკონომიკის დარგი მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდებოდა. სტუდენტობიდანვე ვიყავი მიზანდასახული და ჩემი სურვილი - გავმხდარიყავი ლექტორი და სტუდენტებისთვის მიმეცა ცოდნა, ყოველდღიურად ძლიერდებოდა.“

თამარ ათანელიშვილის პროგნოზები გამართლდა. თვლის, რომ დარგი დღითიდღე უფრო ვითარდება, მნიშვნელოვანი ხდება საზოგადოებისთვის და მისი, როგორც მეცნიერის როლი და შესაძლებლობებიც იზრდება.

„მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის მაინტერესებდა საკითხები, რომლებიც უკავშირდებოდა ქვეყნის შეზღუდულ რესურსებს, მათ ეფექტიანად გამოყენებასა და განაწილებას. ეკონომიკის როლი კი, ამ პრობლემების გადაწყვეტაში უდიდესია. ეკონომისტის რეკომენდაციებს აქვს შესაძლებლობა ხელი შეუწყოს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.“

რა შეიძლება ვისწავლოთ ჩვენი ქვეყნის წარსული ეკონომიკური პროცესებიდან? განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს წარსული საუკუნის წინანდელ მოვლენებს უკავშირდება -  თამარ ათანელიშვილისთვის  ამ თვალსაზრისით, საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) კვლევა ძალიან საინტერესოა.  მან საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით გააცოცხლა იმ პერიოდის ინსტიტუციური ეკონომიკური რეფორმები და ზოგადად, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებების ისტორია. თავის მონოგრაფიაზე საუბრისას, გამოყოფს თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მეცნიერ-ეკონომისტის, პროფესორ ფილიპე გოგიჩაიშვილის როლს ახლად დაარსებულ სახელმწიფო კონტროლის სამსახურის ფუნქციონირებაში, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში; სტატისტიკის სამსახურის შექმნას და უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს არსებობას.nმეცნიერისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ნოე ხომერიკის ხელმძღვანელობით ჩატარებული აგრარული რეფორმა; 

„ეს რეფორმა ორი მიმართულებით წარიმართა: პირველი, დადგენილ ნორმაზე მეტი მიწის ჩამორთმევა და მეორე, მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემა. ეს უკანასკნელი კამათს იწვევდა, კერძოდ, რა ფორმით (ფასით თუ უფასოდ) უნდა გადასცემოდა გლეხობას მიწები. ხომერიკის აზრით, ტყეები, წყლები სახელმწიფოს განკარგულებაში უნდა დარჩენილიყო და სხვ. მაშინ, აგრარული რეფორმის მხოლოდ გარკვეული ნაწილი განხორციელდა.  რეფორმას უშუალოდ ხელმძღვანელობდა აგრარული რეფორმის განყოფილება, რომელიც შემდგომში მიწათმოქმედების სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა,“- გვიყვება თამარ ათანელიშვილი.

მონოგრაფიაში მეცნიერს აღწერილი აქვს გიორგი ჟურულის და კონსტანტინე კანდელაკის პროექტები საბანკო რეფორმის შესახებ, რომლის შედეგად დაარსდა საქართველოს სახელმწიფო ბანკი.

„ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს სახელმწიფო ბანკის შექმნა, თუმცა იმ პერიოდში ვერ მოხერხდა დამოუკიდებელი საბანკო სისტემის ჩამოყალიბება, რაც შემდგომში 1990 -იან წლებში, დამოუკიდებელ საქართველოში განხორციელდა.“

როგორც თამარ ათანელიშვილი გვეუბნება, დღეს არსებულ საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკასა და პირველი რესპუბლიკის პერიოდში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებს შორის, რამდენიმე მსგავსება გამოიხატა. ეს მსგავსებები დაკავშირებულია კერძო საკუთრებასთან, ცენტრალური ბანკებთან - ფულის ემისიასთან, სტატისტიკური სამსახურის, აგრარული რეფორმის, კონტროლის პალატის-სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების, ექსპორტ-იმპორტის მაკონტროლებელი ორგანოების შექმნასთან, დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო სისტემის ჩამოყალიბებასთან და სხვ.

"ფაქტობრივად, ჩვენ  მიერ გამოკვლეული ყველა ინსტიტუციური რეფორმა  (საბანკო, საბაჟო, სტატისტიკის, მაკონტროლებელი, ფულად-საკრედიტო, აგრარული და მთლიანად საკუთრების რეფორმირების და სხვ), მეტ-ნაკლებად განმეორდა პოსტსაბჭოურ საქართველოში“, - ამბობს მეცნიერი. 

მისი სამეცნიერო ინტერესები, პირველი რესპუბლიკის კვლევასთან ერთად, თეორიულ ეკონომიკას, ეკონომიკისა და ეკონომიკური აზრის ისტორიას, საერთაშორისო ეკონომიკის, პოსტსაბჭოური ეპოქის ეკონომიკურ რეფორმებს მოიცავს. ამ მიმართულებებით მრავალი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული საქართველოსა და საზღვარგარეთ. 2019 წელსმისი თანაავტორობით კიდევ ერთი წიგნი გამოქვეყნდა აშშ-ში ცნობილი გამომცემლობის „ნოვას“ მიერ, სადაც გამოკვლეულია მსოფლიო ეკონომიკური აზროვნების  ნიმუშები, მათ შორისაა  შოთა რუსთაველის და „ბექასა და აღბუღას კანონებიდან“ უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური მოსაზრებები.

„უახლოეს მომავალში ვგეგმავ საქართველოს სოციალური-ეკონომიკური განვითარებისა და ევროკავშირში სრულად გაწევრიანების ეკონომიკური პერსპექტივების, ასევე, მთლიანად, გლობალურ ეკონომიკურ სამყაროში საქართველოს როლის კვლევის გაგრძელებას.“

თამარ ათანელიშვილი დღის დიდ ნაწილს სტუდენტებს უთმობს. ამბობს, რომ პროცესი ძალიან სასიამოვნოა, პირველ რიგში, იმიტომ რომ სრულად კონცენტრირებულია სასწავლო კურსზე და ცდილობს, სტუდენტების არცერთი კითხვა  უყურადღებოდ არ დარჩეს.

„ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა. პირველ რიგში, ჩემს ღირსეულ კოლეგებში,რომლებთან ერთადაც ვმოღვაწეობ უნივერსიტეტში, ასევე ჩემს სტუდენტებში, ნამდვილად, შესანიშნავი ახალი თაობა მოდის. სამეცნიერო და სასწავლო პროცესი ჩემი განსაკუთრებული ყოველდღიურობაა. მეცნიერება საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების საშუალებას იძლევა, იმდენად რომ სხვაზე ნაკლებად დამოკიდებული ხდები. მეცნიერები კი სტუდენტებს სწორედ ამ ცოდნას და გამოცდილებას ვუზიარებთ.“

თარიღი: 01/04/2021