საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამარ ზარანდია: „საუნივერსიტეტო განათლება იურიდიულ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენი ტიპის საზოგადოებისთვის, სადაც ახლა ყალიბდება ადამიანის უფლებათა კულტურა, თავისუფლების, ადამიანის ღირსების პატივისცემის ფენომენები”

თამარ ზარანდია თსუ სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია და 2018 წლიდან დეკანის პოზიციას იკავებს. პროფესიის არჩევაზე, როგორც თვითონ ამბობს, ბევრი არ უფიქრია. ყოველთვის იცოდა, რომ იურისტი უნდა ყოფილიყო. კერძო სამართლის მიმართ განსკუთრებული ინტერესი მოგვიანებით გაუჩნდა. მისი თქმით ეს უნივერსალური სამართალია. ასევე აღნიშნავს, რომ კერძო სამართლის სიყვარული და მისი არჩევანიც მნიშვნელოვნად მისმა პედაგოგმა, პროფესორმა ბესარიონ ზოძემ განაპირობა. 

მეცნიერის კვლევით პრიორიტეტებს ძირითადად ვალდებულებითი და სანივთო სამართალი წარმოადგენს. 2010 წლიდან მუშაობდა გერმანული სანივთო სამართლის საქართველოში რეცეფციის საკითხებზე, მათ შორის სანივთო სამართლის პრინციპებისა და ძირითადი ცნებების რეცეფციის მნიშვნელობაზე. 2019 წელს გამოსცა სანივთო სამართლის სახელმძღვანელო. ცოტა ხნის წინ გერმანელი კოლეგის ევგენია კურზინსკი-სინგერის სამეცნიერო რედაქტორობით, გამოსცა იურიდიულ ფაკულტეტზე გამართული საერთაშორისო კონფერენციის - ,,კერძო ავტონომია, როგორც კერძო სამართლის ფუძემდებლური პრინციპი” მასალების კრებული. ფიქრობს, რომ კერძო ავტონომია კერძო სამართლის საფუძველთა საფუძველია. საბჭოთა აკრძალვების სამართლის სფეროდან კლასიკური ცივილისტიკის ქვეყნად ტრანსფორმაციის კვალდაკვალ, სამართალში იზრდება ადამიანის პიროვნული, ინდივიდუალური თავისუფლების მნიშვნელობაც. “საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია გარდამავალი სახელმწიფოების ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის. კერძო ავტონომიის პრინციპი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ძირითადი პრინციპია, მაგრამ მისი შინაარსი არ არის თავისთავად ცხადი. ეს გაურკვევლობა გამოწვეულია თანამედროვე სამართლის განვითარების დინამიკით, დიჯიტალიზაციით ხელშეკრულების დადების პროცესში, ,,სმარტ” კონტრაქტებისა და ,,თვითაღსრულებადი” შეთანხმებების შემოტანით,” - აღნიშნავს მკვლევარი.

თამარ ზარანდია არაერთხელ იყო ჰამბურგის მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის სტიპენდიანტი და მეცნიერ-მკვლევარი. გერმანიაში მოღვაწეობამ მეცნიერს საშუალება მისცა ემუშავა, მისი სპეციალობით,არაერთ საინტერესო კვლევაზე, მათ შორის, გამოეცა სახელმძღვანელო კერძო სამართალში. “ინსტიტუტის უმდიდრეს ბიბლიოთეკაში მუშაობა და მის თანამშრომლებთან ურთიერთობა გაძლევს საშუალებას ,,გარედან” შეხედო შენი ქვეყნის სამართალს და ასეთ დროს ბევრი საინტერესო იდეა იბადება.  2010 წლის შემდეგ კიდევ ხუთჯერ მოვიპოვე ამ ინსტიტუტის სტიპენდია და ზაფხულშიც, თუ გლობალურმა პანდემიამ არ შემიშალა ხელი, ისევ მექნება შესაძლებლობა ორი თვის მანძილზე ვიმუშაო ჩემს კვლევით პროექტზე,”-ამბობს მეცნიერი.

იგი ყოველთვის ჩართულია სხვადასხვა კვლევებში. ამჟამად მუშაობს საზიარო უფლებების  ნაწილზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ახალი კომენტარისათვის. სამოქალაქო კოდექსის კომენტარების პროექტი 2019 წლიდან გადაეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც  დარჩენილი წიგნების გამოცემას, ისე ბეჭდური და ონლაინ კომენტარის მუდმივ განახლებასაც. “სურვილი მაქვს, რომ ჩემი სამომავლო კვლევითი საქმიანობა დავუკავშირო კერძო სამართლის ისეთ სფეროს, როგორიც არის საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო მიმართულებებია”.  

პროფესორი აღნიშნავს, რომ კვლევები ეხმარება მას გახდეს უკეთესი პედაგოგი, რადგან  სწორედ ამ საქმიანობის შედეგებზე აფუძნებს სწავლებას. სტუდენტებთან ურთიერთობა და აკადემიური საქმიანობა კი განსაკუთრებული ენერგიით ავსებს. იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა მისთვის დიდ პატივთან, ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა. “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი კავკასიის რეგიონში პირველი სამართლის სკოლაა, რომელიც ეფუძნება საუკუნოვან ეროვნულ ტრადიციებს და დღესაც უპირობო ლიდერია იურიდიული განათლების ბაზარზე ძლიერი აკადემიური გუნდით, საერთაშორისო ცნობადობითა და საუკეთესო სტუდენტებით. ჩვენი ფაკულტეტი სტუდენტს აძლევს ფუნდამენტურ იურიდიულ განათლებას, სწორედ მეორე აკადემიური კორპუსის კედლებში ყალიბდებიან იურისტები, რომლებიც, როგორც წესი, ყველაზე წარმატებულები არიან პროფესიაში,” - აღნიშნავს იგი.

“ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ სამართალი არ არის მხოლოდ კანონშემოქმედების პროდუქტი, სამართალი არის იურიდიული განათლების პროდუქტი. საუნივერსიტეტო განათლება იურიდიულ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენი ტიპის საზოგადოებისათვის, სადაც მხოლოდ ახლა ყალიბდება ადამიანის უფლებათა კულტურა, თავისუფლების, ადამიანის ღირსების პატივისცემის ფენომენები.”

თარიღი: 30/03/2021