საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ასისტენტ-პროფესორის ვლადიმერ (ლადო) გამსახურდიას წიგნი „რუტლიჯმა" (Routledge) გამოაქვეყნა

თსუ ასისტენტ-პროფესორის ვლადიმერ (ლადო) გამსახურდიას წიგნი "სელფის სემიოტიკური კონსტრუირება მულტიკულტურულ საზოგადოებებში: პროკულტურაციის თეორია” პრესტიჟულმა ბრიტანულმა გამომცემლობა „რუტლიჯმა“ გამოაქვეყნა.

„რუტლიჯი“ 1836 წელს დაარსდა დიდ ბრიტანეთში და ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე დიდ და პრესტიჟულ სამეცნიერო საგამომცემლო სახლს წარმოადგენს მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ ლადო გამსახურდია პირველი ქართველი ფსიქოლოგი და ფსიქოანთროპოლოგია, ვისი მონოგრაფიაც ამ გამომცემლობამ გამოაქვეყნა.

ვლადიმერ (ლადო) გამსახურდია წიგნში წარმოგვიდგენს მის ორიგინალურ სამეცნიერო კონცეფციას პროკულტურაციის შესახებ და გვაცნობს მის  ემპირიულ ილუსტრაციებს. ის იკვლევს სელფის განვითარებისა და ინტერკულტურული ურთიერთობების მენტალურ თავისებურებებს.

ლადო გამსახურდია 2016 წლიდან, უკვე მეექვსე წელია თსუ ფსიქოლოგიისა დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორის პოზიციას იკავებს. მას არაერთი პოსტ-დოკ კვლევითი პროექტი აქვს განხორციელებული. კერძოდ, პირველი პოსტ-დოკ პროექტი  -  ოლბორგის უნივერსიტეტში (დანია)  2018-19 წლებში, ხოლო მეორე პოსტ-დოკ პროექტი 2019-2020 წლებში განხორცილა უფსალის უნივერსიტეტში (შვედეთი). იგი მიწვეული მკვლევარის სტატუსით სხვადასხვა დროს მუშაობდა ჩიკაგოს, მადრიდის, ლუქსემბურგის, ფრიბურგის, ბასკეთის, იაკობსის (ბრემენი) და ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტებში.

2021 წლიდან ლადო გამსახურდია გახლავთ გამომცემლობა შპრინგერის (Springer) საერთაშორისო რეცენზირებადი ჟურნალის „ტრენდები ფსიქოლოგიაში“ ასოცირებული რედაქტორი (Associated editor), რაც ჯერჯერობით უნიკალური შემთხვევაა ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის.

ლადო გამსახურდია ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ქართველი მეცნიერია. ის ეწევა აქტიურ სასწავლო საქმიანობას და ჩართულია არაერთ საერთაშორისო კვლევით პროექტში. მისი ათეულობით ნაშრომი გამოქვეყნებულია დარგის საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო გამოცემებში. ასევე, ის აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ფორუმებში.

ასისტენტ-პროფესორი ლ. გამსახურდია 2019 წლის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დიმიტირი უზნაძის სახელობის ჯილდოს მფლობელიცაა.

წიგნის შეძენა შესაძლებელია ბმულზე.

თარიღი: 21/09/2021