საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-დან ნაპოვნი ,,სწორი ადგილი“

,,უნივერსიტეტიდან არასდროს მიდიან“ - ეს ფრაზა შეიძლება ვთქვათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულზე - ინგა კაკულიაზე, რომელიც ამჟამად ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში კონფლიქტისა და დემოკრატიის პროგრამაზე, მაგისტრატურის მეორე კურსზე სწავლობს.

 

ინგა ამბობს, რომ მასარიკის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ერთმა ჩეხმა გოგონამ ურჩია, რომელიც მან თსუ-ს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ტარტუში სწავლისას გაიცნო.

 

,,გარდა თსუ-ში მიღებული განათლებისა, მიმაჩნია,რომ ჩემი პიროვნული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გაცვლითი სემესტრი ტარტუში. გარდა იმისა, რომ ეს სრულიად დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე პირველი გამოცდილება იყო, გავიცანი უამრავი არაჩვეულებრივი ადამიანი,რომლებთანაც დღესაც, უკვე 4 წლის შემდეგ, კვლავ ახლო ურთიერთობა მაქვს. თსუ-ის მიერშემოთავაზებული გაცვლითი პროგრამები,ალბათ,უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ნაწილია. სწორედ ტარტუში ყოფნისას გავიცანი ჩეხი გოგონა, რომელსაც მასარიკის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული.მისი გამოცდილებიდან გამომდინარე ჩავთვალე, რომ ბრნო ჩემთვის,,სწორი ადგილი“ იქნებოდა“, - ამბობს ინგა, რომელსაც განსაკუთრებით მოსწონს თავისუფალ თემებზე დისკუსიები ჩეხეთის უნივერსიტეტში, რაც სასწავლო პროცესის ნაწილია.

 

ინგა ამჟამად სამაგისტრო თეზისზე მუშაობს. მან არჩია საქართველოზე თემის დამუშავება, რომელიც ეხება საქართველოს პოლიტიკური ნიშნით მიყურადების შესახებ არსებულ წარმოდგენებს და მათ ნეგატიურ ზეგავლენას ქვეყანაში ჯანსაღი დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე.

 

ჩეხეთში სწავლის პერიოდში ინგა რეკომენდაციებისთვის ხშირად ეხმიანება ყოფილ ლექტორებს, რომლებიც მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდნენ. ინგა ამბობს, რომ თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება, რომელიც 2 წლის წინ დაამთავრა,დიდწილად,ლექტორების გამო აირჩია. ,,ჩემთვის მნიშვნელოვანია -ისეთი ადამიანები მასწავლიდნენ, რომელთა მოღვაწეობაც მხოლოდ აკადემიური მიღწევებით არ შემოიფარგლება. მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და ადამიანობასაც ძალიან ვაფასებ. ამ მხრივ ჩემი მიმართულება ნამდვილად გამორჩეულია“, - იხსენებს ინგა კაკულია.

 

ინგასგანსხვავებული შეხედულებებისა და მიდგომების მოყვარულ ლექტორებთან შეხვედრები ხშირად ახსენდება და საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებსა და პრაქტიკულ გამოცდილებებზე უამრავი საინტერესო მასალის გაცნობით დღემდე კმაყოფილია, რაც ჩეხეთში სწავლის პერიოდშიც ადგება. 

 

,,ვინც საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე თსუ-ში აბარებს, უნდა ელოდოთ იმ მოცემულობას, რომ თუ აქამდე თქვენს სოციალურ წრეში ყველაზე მონდომებული მოსწავლე იყავით, ახლა, შესაძლოა,კიდევ უფრო მონდომებული,მოტივირებული და გამორჩეული სტუდენტებით იყოთ გარემოცული, რაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის“, - ამბობს ინგა, რომლისთვისაც სწავლის პერიოდი იმაზე სწრაფად გავიდა, ვიდრე ელოდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ სკოლის შემდეგ უნივერსიტეტის რიტმზე გადართვა თავიდან გაუჭირდა, საუნივერსიტეტო ცხოვრებას პირველი სემესტრის მეორე კურსიდან უკვე აუწყო ფეხი. საუნივერსიტეტო საზოგადოების სიყვარულმა და ინტელექტუალური საუბრების მოსმენით გატაცებამ განაპირობა ახლა უკვე მასარიკის უნივერსიტეტში მუშაობის დაწყება.  როგორც მასარიკის უნივერსიტეტის ასისტენტ სტუდენტი, ინგა კაკულია კონფლიქტისა და დემოკრატიის ფაკულტეტის სოციალურ ქსელებს მართავს, წერს ინტერვიუებს მასარიკის უნივერსიტეტის პროფესორებთან და სხვადასხვა სოციალური ღონისძიებების მოწყობაში ეხმარება ადმინისტრაციას.

 

,,დღემდე ვცდილობ სწავლას, მუშაობასა და მეგობრებთან ერთად დროის გატარებას შორის ბალანსის დაცვას, რის შესაძლებლობასაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაძლევდა, ისევე, როგორც ჩემი ამჟამინდელი უნივერსიტეტი მაძლევს“, - ამბობს ინგა, რომელიც მომავალში დოქტორანტურაში ჩაბარებასაც გეგმავს. ჩეხეთში სწავლასა და მუშაობასთან ერთად, ინგამ  საქართველოში ახლადდაარსებულ სამეცნიერო-საგანმანათლებლო-პოლიტიკურ საინფორმაციო პორტალზე - „ალიონი 21“ -  რედაქტორად დაიწყო მუშაობა და  პატარა გუნდთან, მათ შორის, თსუ-ის სტუდენტებთან ერთად  ეწევა რედაქტორულ თუ ჟურნალისტურ საქმიანობას.,,ალიონი 21“-სთვის ის რესპონდენტებად ხშირად ირჩევს როგორც მასარიკის, ისე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს.

თარიღი: 01/06/2022