საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სტუდენტის წარმატება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რომანული ფილოლოგიის პროგრამის დოქტორანტმა ნათია ფაილოძემ საერთაშორისო კონკურსში „ჩემი სადისერტაციო თემა 180 წამში“ (Ma thèse en 180 seconde) პირველი ადგილი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მასშტაბით 109 ქვეყნის ათასზე მეტი ფრანკოფონი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის მომდევნო ეტაპზე გადავიდა და უმაღლესი პრიზით დაჯილდოვდა მხოლოდ 13 კანდიდატი, მათ შორის თსუ დოქტორანტი ნათია ფაილოძე. მისი პრეზენტაცია საკვლევ თემაზე: ,,გენდერული თანასწორობის პრინციპის კონცეპტუალური გააზრება ფრანგულ ფემინისტურ ლიტერატურაში” პროფესორ ბელა ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით, საუკეთესოდ დასახელდა და დაჯილდოვდა უმაღლესი პრიზით.
 

“მე ვიკვლევ ფემინისტურ ლიტერატურას. ვცდილობ ქალების მიერ შექმნილ ლიტერატურაში დავინახო საკუთრივ ქალური გამოცდილების ნიშნები, შევისწავლო ის ტერმინოლოგია რომლითაც ზოგადად ფემინისტური მიმდინარეობა ახდენს საკუთარი კონცეპტების მარკირებას. სადოქტორო ნაშრომისთვის უახლეს კვლევებზე ვმუშაობ და ვცდილობ რადიკალური ფემინიზმის ფესვები დავინახო მეორე ტალღის ფემინიზმში და ლიტერატურის დახმარებით დავამტკიცო ეს. გაანალიზების შედეგად შემიძლია ვთქვა, რომ ფემინიზმს ბევრი იმ იდეისთვის და მიზნისთვის არ მიუღწევია, რაც მიზნად დაისახა”.
 

კონკურსი წლების მანძილზე იმართება მსოფლიოს ფრანკოფონულ ქვეყნებში. კონკურსის მიზანია ახალგაზარდა მკვლევართა სფეროში გამოავლინოს საუკეთესო სადოქტორო თემატიკა და კვლევის ტიპოლოგია, რომელიც კომპეტენტური ჟიურის მიერ მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმებით ფასდება. წელს საერთაშორისო კონკურსი „ჩემი სადისერტაციო თემა 180 წამში“ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს AUF-ის ინიციატივით და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. ნათია ორი წელია მონაწილეობს აღნიშნულ კონკურსში და წელს გამარჯვებით დააგვირგვინა. ის გამოყოფს კონკურსის დანიშნულებასა და ღირებულებას, რაც ამ მიმართულების სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია: „ეს კონკურსი ძალიან საინტერესოა ბევრი მიზეზის გამო. საშუალებას გაძლევს დაამყარო კონტაქტები,  გაეცნო მნიშვნელოვან ნაშრომებს, თემებს. შეიძლება შენს თემაზე მომუშავე სენიორი გაიცნო და ისეთი ადამიანებიც, რომლებიც უკვე ამთავრებენ მუშაობას. ეს გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესოა. სულ სხვანაირად ფიქრდები შენს თემაზე, იმაზე თუ როგორ მიაწვდი ადამიანებს ამ ყველაფერს. გარდა ამისა, მოკლე დროში უნდა გადმოსცე და თან არ დაკარგო შენი მიზანი, ეს ყველაზე დიდი გამოწვევა და გამოცდილებაა.“
 

ნათია აღნიშნავს, რომ  სკოლის ასაკიდან გატაცებულია ფრანგული ენით, რისი სიღრმისეული ცოდნის სურვილმაც გადააწყვეტინა ფრანგულ ფილოლოგიაზე ჩაბარება: „ფრანგული ენის სწავლა დავიწყე სკოლაში, პარალელურად ვემზადებოდი. მეშვიდე ან მერვე კლასიდან ვიცოდი, რომ ფრანგულს გავყვებოდი, ეს იქნებოდა ენა ან ლიტერატურა. დაახლეობით მეათე კლასში ვიყავი, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენების კათედრამ შეხვედრა მოაწყო თბილისის 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, რომლებიც ფრანგულ ენას სწავლობდნენ. ძალიან კარგად მახსოვს ეს დღე, იმიტომ რომ  საბოლოო გადაწყვეტილება, რომ ჩამებარებინა ამ ფაკულტეტზე ზუსტად ამ დღეს მივიღე.“
 

ნათიას საუნივერსიტეტო ცხოვრება ბოლო ორი წელია კიდევ უფრო გააქტიურდა, ის  ჩართულია კვლევით საქმიანობაში: „კიდევ უფრო მეტად და ღრმად დავინტერესდი თუ რა საკითხის კვლევა მაინტერესებს. კონკურსში მონაწილეობაც ამ თემას უკავშირდება, სადაც გამიმართლა და გავხდი გამარჯვებული. ვიკვლევდი საკითხს, რომელიც მაინტერესებს და მინდა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიკვლევდე.“
 

ნათია საკუთარ წარმატებაში უნივერსიტეტის მნიშვნელოვან როლს აღნიშნავს და მიიჩნევს, რომ მან შესაძლებლობათა ფართო სპექტრი გაუხსნა: „უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის  სივრცე, რომელიც საფუძვლიან ცოდნას იძლევა გარკვეულ საკითხებზე. პირველ რიგში საკუთარი საქმის მიმართ ინტერესი გამიჩინა. როდესაც უნივერსიტეტში მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია და ინტერესი მქონდა. ეს უნივერსიტეტში არსებული გარემოსა და ლექტორების დამსახურებაა.“
 

ამჟამად ნათია ფრანგულს ასწავლის ბავშვებს და ცდილობს მათში რომანული ფილოლოგიისადმი ინტერესისა და სიყვარულის გაღვივებას.

თარიღი: 17/08/2022