მარიამ ბაკაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამა „განათლების ფსიქოლოგიის“ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი და ამავე ფაკულტეტის მოწვეული ლექტორია.
მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა „განათლების ფსიქოლოგია“ 2021 წელს დაასრულა. დღეს კი თავად ასწავლის ისეთ საგნებს, როგორებიცაა „ზოგადი ფსიქოლოგია“, „ფსიქოლოგიის საფუძვლები“ და „კვლევის მეთოდები ფსიქოლოგიაში“.
„ფსიქოლოგიის მიმართ ინტერესი შეიძლება ბევრ ადამიანს გაუჩნდეს, რადგან ეს დარგი პრაქტიკულად ყველა სფეროს უკავშირდება. ფსიქოლოგიის ცოდნა არა მხოლოდ კონკრეტულ პროფესიაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ძალიან ღირებულია. თუმცა, ვფიქრობ, პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია ჩვენი ინტერესების გათვალისწინება“ - მიიჩნევს ახალგაზრდა ლექტორი.
მარიამი სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც 2024 წლის შემოდგომის სემესტრი შტუტგარტის უნივერსიტეტში, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გაატარა. როგორც თავად აღნიშნავს, ეს 6 თვე მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო მისი როგორც აკადემიური, ასევე პიროვნული განვითარების კუთხით. ამ პერიოდში მას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა როგორც გერმანული სწავლების სისტემას, ისე სხვადასხვა კულტურას. თავის მხრივ, იგი, ახალი ნაცნობებისთვის საქართველოს, მისი კულტურისა და ისტორიის შესახებ მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის გაზიარებას ცდილობდა, რის შედეგადაც თითქმის ყველა იქაური ნაცნობი საქართველოში სტუმრად აპირებს ჩამოსვლას.
„თსუ-სა და შტუტგარტის უნივერსიტეტს ბევრი რამ აერთიანებს, განსაკუთრებით კი კვალიფიციური პროფესორებისა და ლექტორების სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომა. სტუდენტზე ორიენტირებულ მიდგომაში ვგულისხმობ, რომ მაქსიმალურადაა გათვალისწინებული სტუდენტის საჭიროებები აკადემიურ ჭრილში, რაც მოიაზრებს საჭირო დროისა და რესურსის დათმობას. მაგალითად, როგორც თსუ-ში, ჩემი ხელმძღვანელის, ქალბატონი მზია წერეთლის მხრიდან ყოველთვის ვიღებ საჭირო უკუკავშირს და კონსულტაციას, ასევე შტუტგარტში ყოველთვის მზაობას გამოხატავდა უნივერსიტეტის პროფესორი, ბერნდ ცინი. გარდა ამისა, შტუტგარტში, პროფესიული განათლების დეპარტამენტში, რომელიც ფოკუსირებულია სწავლების ტექნოლოგიებზე (BPT), გამომიყვეს სამუშაო სივრცე, სადაც შევძლებდი ჩემს თემაზე მემუშავა. იგივე შესაძლებლობა მაქვს თსუ-ში,სადაც ასევე შემიძლია ვისარგებლო განათლების ფსიქოლოგიის ინსტიტუტისთვის განკუთვნილი ოთახით, - აცხადებს მარიამი.
მისი თქმით, შტუტგარტში პროფესორებისა და კოლეგების თბილი დამოკიდებულება და დახმარებაზე ორიენტირებულობა ყველაფერში ჩანდა. შესაძლებლობა ჰქონდა დასწრებოდა გერმანელი მასპინძლების მიერ ორგანიზებულ დიჯიტალიზებულ საგაკვეთილო პროცესს და გასცნობოდა მათი დეპარტამენტის მიმდინარე პროექტებს.
მარიამ ბაკაშვილის სადოქტორო ნაშრომი ეხება დიჯიტალიზაციას და სტუდენტების ტრანზიციის პროცესს. „დღეს ციფრული გარემო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მათ შორის განათლების სფეროშიც. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით საჭიროა მეტი კვლევა და ჩემი ნაშრომით ვეცდები, წვლილი შევიტანო ამ სფეროს განვითარებაში. უშუალოდ დიჯიტალიზაცია ჩემი კვლევის კონტექსტში გულისხმობს ციფრული ტექნოლოგიების როლს საგანმანათლებლო პროცესში. ხოლო სტუდენტების ტრანზიციის პროცესი მოიცავს იმ სოციალურ, აკადემიურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს, რომლებსაც სტუდენტები განიცდიან, სკოლიდან უნივერსიტეტში გადასვლის დროს”,- აცხადებს ის.
„ზოგადად, ვფიქრობ თსუ-ში მიღებული ცოდნა და გამოცდილება კონკურენტუნარიანს გხდის აკადემიურ და პროფესიულ სფეროში. თსუ-ში შეძენილი კავშირები კი დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩემს საქმიანობაში. თსუ-ს კავშირებში იმ ლექტორებს და პროფესორებს ვგულისხმობ, რომლებისგანაც დღემდე ვიღებ სამეცნიერო რჩევებს და კვლევებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს. ისინი ყოველთვის მზად არიან გამიზიარონ გამოცდილება და ცოდნა. Erasmus+ პროგრამით გერმანიაში წასვლამდეც ძალზე ბევრი საინტერესო და ღირებული ინფორმაცია მივიღე მათგან,“- განმარტავს ახალგაზრდა მკვლევარი.
ამ ეტაპზე მარიამისთვის მთავარი საქმე სადისერტაციო ნაშრომის დასრულება და კვლევით საქმიანობაში ჩართულობაა.