საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნანა სუმბაძე - მეცნიერი, რომელიც მუდამ ემახსოვრებათ

ნანა სუმბაძე უდიდესი დანაკარგია თბილისის სახელმიწფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტითვის. მას, როგორც მეცნიერსა და მკვლევარს, უდიდესი წვლილი მიუძღვის სოციალური ფსიქოლოგიის სფეროს განვითარებაში. 2021 წლის 22 ივნისს მას 72 წელი შეუსრულდებოდა. მისი სტუდენტები და კოლეგები დღეს მის გარეშე აღნიშნავენ ამ დღეს. საზოგადოებას კი ქალბატონი ნანას შესახებ მოგონებებს უზიარებენ, რათა ვიცნობდეთ და გვახსოვდეს...

დღეს ნანა სუმბაძის სამეცნიერო ისტორიას თსუ ასოცირებული პროფესორები -  ანასტასია ქიტიაშვილი, ეკატერინე ფირცხალავა და საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი მაია მაისურაძე გვიყვებიან:

ნანა სუმბაძე ფსიქოლოგიით უცხო ენათა ინსტიტუტში სწავლის დროს, სტუდენტობისას დაინტერესდა და მთავარი პროფესიული არჩევანიც სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე შეაჩერა. მისი დასრულებისთანავე შეუერთდა თსუ მეცნიერთა და მკვლევართა გუნდს და უკვე 1981 წლიდან ხელმძღვანელობდა სტუდენტებს და ასწავლიდა სხვადასხვა კურსებს: სოციალური კოგნიცია, კვლევის მეთოდები, ინტერპერსონალური ურთიერთობები, გარემოს ფსიქოლოგია, კვლევის მეთოდები და გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია.

სადოქტორო დისერტაცია მეცნიერმა ლაიდენის უნივერსიტეტში დაიცვა, მისი ნაშრომი „სოციალური ქსელი: მოზრდილი ქალებისა და კაცების მეგობრობა“ 1999 წელს მონოგრაფიის სახით გამოიცა. 2005-2011  წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2011 წლიდან პროფესორი. ის ხელმძღვანელობდა სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებას და დიდი წვლილი შეიტანა ამ მიმართულების განვითარებაში, იდგა რა ყოველთვის სიახლეებისა და ინოვაციური კვლევითი იდეების სათავეებთან.

ნანა სუმბაძის ექსპერტიზის სფერო ძალზე  ფართოა და მრავალფეროვანი; მათ შორისაა სოციალური და გამოყენებითი სოციალურიფსიქოლოგია, სოციალური კოგნიცია, გარემოს ფსიქოლოგია, ინტერპერსონალური ურთიერთობები, ჯანმრთელობის ფსიქოლოგია, ოჯახის ფსიქოლოგია, რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის მეთოდები და პროგრამის/პროექტის შეფასება, საზოგადოებრივი პოლიტიკის ანალიზი, საზოგადოებრივი აზრის შესწავლა, იძულებითი მიგრაცია, განათლება, გენდერი, გარემოს დაცვა, სოციალური ინტერვენციების დაგეგმვა, ჩატარება და შეფასება და ა.შ. 2020 წლიდან იკვლევდა COVID 19-ის გავლენას სხვადასხვა  სოციალური ჯგუფების ცხოვრებასა და ურთიერთობებზე.

ნანა სუმბაძეს მართლაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული მეცნიერების და კონკრეტულად კი თსუ მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის პროცესში. აღსანიშნავია სხვადასხვა საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად ჩატარებული ერთობლივი კვლევები; 1995-1998 წლებში ნანა სუმბაძე იყო მთავარი მკვლევარი  საქართველოში INTAS-ის მხარდაჭერით ჩატარებული კროსკულტურული პროექტისა “ოჯახები  სხვადასხვა ქვეყანაში, ღირებულებები, კომუნიკაცია, ინტერპერსონალური აღქმა და ჯანმრთელობა“, რომელშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად 1999 წელს იყო პროექტი "ეთიკური კონფლიქტები მედიცინაში: ნორმების, დამოკიდებულებისა და სუბიექტური შეფასებების კროსკულტურული შედარება" ინსბრუკის, ლეიდენისა და კიევის უნივერსიტეტების თანამშრომლობითი გრანტის ხელმძღვანელი (University of Innsbruck, Leiden University and University of Kiev), რომელიც INTAS-ის მხარდაჭერით ჩატარდა. 2006-2010 წლებში არიზონას უნივერსიტეტთან ერთად ჩაატარა კვლევა “მიგრანტები კონფლიქტის შემდგომ სიტუაციაში: სოციალური ბადეები და სასიცოცხლო სტრატეგიები”; 2010-11 წლებში ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტთან ერთად ჩაატარა კვლევა ”ხანდაზმულ იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება საქართველოში”. 1995-1997 წლებში იყო კვლევითი პროექტის "რწმენების სისტემა გარდამავალ პერიოდში "ხელმძღვანელი, რომელიც NATO-ს მხარდაჭერით განხორციელდა. 1995-1996; 1997-1999 წლებში ხელმძღვანელობდა პიროვნებისა და სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალისტების განვითარების ხელშემწყობ პროექტებს „ტრანსპორტი„ და „მობილობა“. დაიმლერ ბენზ კვლვითი ისნტიტუტის ხელშეწყობით (Daimler-Benz Research Institute). 1999-2000 წლებში იყო პროექტის "ქართველი ქალების ადაპტაცია ეკონომიკურ ცვლილებებზე" ხელმძღვანელი მაკარტურის ფონდის მხარდაჭერით. 2000 წელს ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მომზადებას, ჰერტფორდშირიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, რომელიც შესრულდა Tempus მხარდაჭერით.

1999 წელს გიორგი თარხან-მოურავთან ერთად ხელმძღვანელობდა ევროსაბჭოს მიერ მხარდაჭერილ კვლევით პროექტს, რომელმაც მუსლიმი მესხების რეპატრიაციის შესახებ კანონის შემუშავებას შეუწყო ხელი. 2002 წლიდან კიმასთან ერთად  დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი“ (IPS-Institute for Policy Studies), რომელიც 2010 - 2011 წლებში დასახელებულ იქნა  ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის  25 ანალიტიკურ  ორგანიზაციებს შორის. The Global “Go-To Think Tanks” 2010; The Global “Go-To Think Tanks” 2011). 2010-2012 წლებში ASCN-შვეიცარიის აკადემიური სამეცნიერო ქსელის ფარგლებში ხელმძღვანელობდა და ჩაატარა კვლევა “სამოქალაქო ჩართულობის დეტერმინანტები და შედეგები”,  რომელიც 2013 წელს მონოგრაფიის სახით გამოიცა.

განსაკუთრებული წვლილი აქვს ნანა სუმბაძეს შეტანილი საზოგადოების დამოკიდებულებებისა და ღირებულებების კვლევებში; 2002 -2007 წლებში IPS ფარგლებში ნანა სუმბაძე ხელმძღვანელობდა “ბარომეტრის” კვლევას, რომელიც ღია საზოგადოება ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდებოდა. კვლევა საქართველოს მასშტაბით ტარდებოდა და მიზნად ისახავდა მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, როგორიცაა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა, ქვეყნისეკონომიკური განვითარება, სიღარიბის შემცირება,  სოციალური დაცვა, განათლება, კორუფციის შემცირება, ადამიანის უფლებების დაცვა, მასმედიის თავისუფლება და ა.შ. გამოკვლევა შეეხებოდა დემოკრატიისადმი და ქვეყნის საგარეო ორიენტაციისადმი დამოკიდებულებების, და ზოგადად, მოსახლეობის მოლოდინებისა და ღირებულებების შესწავლას, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში მოსახლეობის ჩართულობას და ა.შ.2011-2012 წლებში ღია საზოგადოება-საქართველოს გრანტის ფარგლებში ჩაატარა კვლევა “თაობები და ღირებულებები”, რომელიც ასევე მონოგრაფიის სახით გამოიცა.

90-იანი წლებიდან ნანა სუმბაძე იკავებდა სხვადასხვა პოზიციას - დირექტორი, მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი, უფროსი ექსპერტი-კონსულტანტი, წამყვანი მკვლევარი - საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებში, როგორიცაა EUD, MCA, IFOA, GOPA, UNDP, UNWOMEN, World Bank; ნანა სუმბაძის კვლევების საფუძველზე არაერთი სოციალური პროგრამა განხორციელდა, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესებაში; ამით კიდევ ერთხელ დაადასტრა, რამდენად მნიშვნელოვანია სამეცნიერო ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

მნიშვნელოვან წამოწყებებს ხელმძღვანელობდა იგი საუნივერსიტეტო სწავლებისა და კვლევის საქმეშიც. 2007 წლიდან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ანასტასია ქიტიაშვილთან ერთად საფუძველი ჩაუყარა გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებას; 2009 წლიდან ის იყო “გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამისა” და 2012 წლიდან “გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სადოქტორო პროგრამის” თანახელმძღვანელი.

2020 წელს ნანა სუმბაძე იყო ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე “სოციალური ფსიქოლოგიის ცენტრის” დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი, რომელიც 2021 წელს დაარსდა. ცენტრი ორიენტირებული იქნება სოციალური პრობლემების ფსიქოლოგიური ასპექტების კვლევაზე და ფსიქოლოგიური ინტერვენციების დაგეგმვის ინიცირებასა და შეფასებაზე.

ეს ნანა სუმბაძის სამეცნიერო და პარქტიკული საქმიანობის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

ქალბატონი ნანას მიერ დაწყებული საქმე გრძელდება, მისი კოლეგები კი იხსენებენ, რომ იგი ასობით სტუდენტს ასწავლიდა და ხელმძღვანელობდა მათ პირველ ნაბიჯებს მეცნიერული კვლევის გზაზე; ცოდნისა და უნარების შეძენასთან,  ერთად ყოველთვის ცდილობდა ჩამოეყალიბებინა ისინიღირსეულმოქალაქეებად, როგორიც თავად იყო: პროფესიონალი, თავისუფალი, პასუხისმგებლობის მქონე,  მაღალი პრინციპებისა და მორალური ღირებულებების  მქონე.

თარიღი: 22/06/2021