საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სპარსული ენის გამორჩეული მცოდნე - თსუ სტუდენტი შორენა ჯიმშერიშვილი

„შორენა ჯიმშერიშვილი უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ირანისტიკის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის ნიჭიერი, მოტივირებული, აქტიური და წარმატებული სტუდენტია. შორენა კარგად სწავლობს, მუშაობს პროფესიით და კათედრასაც ძალიან ეხმარება. ცოტა ხნის წინ მან ირანისტიკის კათედრაზე არსებული ძალზე მდიდარი ბიბლიოთეკის კატალოგიზაცია დაასრულა და ელექტრონული კატალოგიც შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად გვიადვილებს მუშაობას და წესრიგის დაცვას. ეს საშვილიშვილო საქმე ირანის საელჩოს კულტურის განყოფილების გრანტით მოხდა. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარს ახლა მოგახსენებთ: წელს საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდა საერთაშორისო ტესტირება SAMFA, რომლის მიზანია სპარსული ენის კომპეტენციების დონის შეფასება. მინიმალური ზღვარი საერთაშორისო სერტიფიკატის მისაღებად არის 120 ქულა. შორენამ 193 ქულა მოიპოვა. საქართველოში აქამდე ასეთი მაღალი შეფასება არავის დაუმსახურებია. ეს არა მხოლოდ შორენას, არამედ ჩვენი კათედრის წარმატებაც არის. აქამდე მაქსიმალური ქულა, რომელიც საქართველოს მოქალაქემ, მიიღო 186.5 იყო, რომელიც ასევე თსუ კურსდამთავრებულმა, ირანისტიკის მაგისტრმა ქეთევან ნიკოლაძემ მიიღო“, - ასე გაგვაცნო თავისი წარმატებული სტუდენტი თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ირანისტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა პროფესორმა თეა შურღაიამ.

 

ცნობისათვის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად SAMFA -ს სერტიფიკატი აუცილებელია. როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოწვეული ირანელი პედაგოგი, დოქტორ აქბარ ჰესაბი აღნიშნავს, „შორენას ასეთი მიღწევები ძალიან დიდი წარმატებაა არა მარტო საქართველოს მასშტაბით“, რაშიც იგი შორენას პედაგოგების დამსახურებასაც ხედავს.

 

შორენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016 წელს ჩაირიცხა არაბისტიკის განხრით. „2017 წელს გადავწყვიტე, მიმართულება შემეცვალა და სწავლა ირანისტიკის სპეციალობით გამეგრძელებინა. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იყო. ირანი თავისი მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ლიტერატურით, ისტორიით და სხვა უამრავი თავისებურებით ნელ-ნელა გიტყუებს, თავის საბურველში გახვევს და ბოლოს თავის დახსნა შეუძლებელიც აღმოჩნდება ხოლმე. უაღრესად საინტერესო ქვეყანაა, რომ აღარ ვისაუბროთ „სპარსული ენის სიტკბოზე“. ჩემი წარმატება სამფას გამოცდაზე, რა თქმა უნდა, ლექტორების პროფესიონალიზმთან ერთად, ჩემი შრომის შედეგია. არასოდეს ვკმაყოფილდებოდი მცირედით, ყოველთვის ვცდილობდი უკეთესი გავმხდარიყავი, მეტი დრო დამეთმო ენისთვის, დამატებითი სავარჯიშოები შემესრულებინა, რამაც, გაამართლა და სამფას გამოცდამ, რომელშიც წელს პირველად მივიღე მონაწილეობა, ასეთი წარმატება მომიტანა. პირველ კურსზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დრო მხოლოდ სწავლისთვის დამეთმო. მუშაობაც მაგისტრატურის მეორე კურსზე დავიწყე. მუსიკა, ფილმები, ონლაინ სტატიები, ჟურნალები და უნივერსიტეტის ლექციები, სხვადასხვა ღონისძიება, ირანიდან მოწვეული ლექტორი წარმოადგენდა ჩემთვის პრაქტიკას“, - გვიყვება შორენა საკუთარი თავის შესახებ.

 

ამ დროისთვის  ის „ახლო აღმოსავლეთის ანტიკვარულ სააგენტოში“, კატალოგერად მუშაობს და მისი საქმიანობა ასე განისაზღვრება: „ვამზადებ ძველი ისლამური პერიოდის ხელნაწერ წიგნებს, კალიგრაფიის ნიმუშებს, ნახატებს, ნივთებს ჰესინკის აუქციონზე გასატანად (https://www.hessink.com/ ). იქიდან გამომდინარე, რომ ნივთების მნიშვნელოვანი ნაწილი სპარსულ ენაზეა შესრულებული და ინგლისურ ენაზე მასალა ხშირად არ მოიპოვება, მიწევს თარგმნაც და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შესაბამისობაში მოყვანა, სადაც ვხელმძღვანელობ „ქრისთისა“ და „სოთბის“ კატალოგთა სისტემით. ირანისტიკიდან წამოღებული ცოდნის გარეშე გამიჭირდებოდა ხელნაწერის რაობის დადგენა, წაკითხვა, შეფასება, ინფორმაციის მოძიება და ანალიზი, ვინაიდან საინტერესოსთან ერთად საპასუხისმგებლო საქმეცაა - შენ მიერ დაშვებულ ერთ შეცდომას ზარალის მოტანა შეუძლია, ხოლო სწორად მიწოდებულ ინფორმაციას ნივთის ფასის მომატებაც“. წარმატებული მაგისტრანტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანისტიკით დაინტერესებულ სტუდენტებსაც აძლევს რჩევებს. კერძოდ: არასოდეს გადადონ დღეს გასაკეთებელი საქმე ხვალისთვის, მეტი დრო დაუთმონ ენასა და ლიტერატურას, არ დასჯერდნენ მცირედს და რაც შეიძლება თავდაუზოგავად იმუშაონ საკუთარ თავთან, ეცადონ სხვადასხვა გზით, პრაქტიკაც მიიღონ და გამოცდილება დააგროვონ, ვინაიდან ირანისტიკას, მონდომების და სურვილის შემთხვევაში ძალიან ბევრის მოცემა შეუძლია. რაც შეეხება შორენას სამომავლო გეგმებს, „წელს ვასრულებ სამაგისტრო პროგრამას და ვაპირებ სწავლის გაგრძელებას დოქტორანტურაში და სპარსული ხელნაწერების კვლევას კალიგრაფიული კუთხით, რასაც ეხება ჩემი სამაგისტროც. მომავალში ირანში სწავლის გაგრძელებაზე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ როგორც ირანისტიკის კათედრა, ასევე ჩემი ყოველდღიური ურთიერთობა ხელნაწერებთან და მათი კვლევა გააფართოებს ჩემს თვალსაწიერს, შემმატებს პროფესიონალიზმს და ცხოვრებაში ახალ საინტერესო გზებს მიჩვენებს“.

თარიღი: 21/02/2023