საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ლისზე - უნიკალური გამოცდილების სივრცე

„ჩვენ ახლა ლისზე, თსუ-ს საერთო საცხოვრებელში ვიმყოფებით, აქ უკვე წლებია   ვცხოვრობ, და ამ დროის განმავლობაში განსხვავებული მსოფლმხედველობის უამრავ სტუდენტს შევხვდი. მათგან ბევრი რამ ვისწავლე. ხშირად დავდივართ ექსკურსიებზე, ვმართავთ კინოჩვენებებს, ვერთობით ტენისით, ეზოში  სპორტული მოედანი გვაქვს, სადაც  ფეხბურთს და კალათბურთს ვთამაშობთ,“-ლისზე მდებარე თსუ საერთო საცხოვრებელში  თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი მიშო სულუხია გვიწევს მეგზურობას. მიშო აქ სამი წელია ცხოვრობს.როგორც გვეუბნება, სანამ სოფელ ახალაბასთუმნიდან განათლების მისაღებად თბილისში ჩამოვიდოდა, პროფესიულ არჩევანსა და დედაქალაქში ცხოვრებაზე ბევრს ფიქრობდა, თუმცა, ვერასდროს წარმოედგინა როგორი იქნებოდა დამოუკიდებელი ცხოვრება უცხო გარემოში.

 

„სტუდენტურ საცხოვრებელზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ როცა აქ გადმოვედი, განსხვავებული და, ამავდროულად, უჩვეულო გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდი. ძალიან საინტერესო იყო ერთ ოთახში უცხო ადამიანთან თანაცხოვრება და ყოველდღიური რუტინის გაზიარება, უცხოელ სტუდენტებთან შეხვედრა“, - მიუხედავად ამ სიახლეებისა, მიშო ამბობს,რომ ახალ ქალაქსა და გარემოს მარტივად შეეგუა. 23 წლის ასაკში უკვე დააგროვა დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილებადა  საკუთარ თავზეც უფრო მეტი იცის, – „მივხვდი,რომ კომუნიკაბელური და სიახლეებისადმი ღია ვარ,“-მისი ხასიათის ეს თვისებები ყველასთვის შესამჩნევია. სტუდენტურ საცხოვრებელში ჩვენს მეგზურს ყველა თბილად უღიმის.

მიშო იხსენებს,რომ სკოლის ექსტერნად დამთავრების შემდეგ, სწავლის გაგრძელება სამედიცინო სფეროში არჩია.

 

„მიზეზი ის იყო, რომ ყოველთვის ვიცოდი  ჩემი პიროვნების ძლიერ მხარეები:შრომოსმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გძნობა,ემპათია და სურვილი ვიზრუნო საკუთარ და სხვა  ადამიანების ჯანმრთელობაზე. ეს გარემოც ძალიან მომწონს, ბევრ ადამიანთან ურთიერთობა, რაც ჩემს სტუდენტურ ცხოვრებას მრავალფეროვანს და სასიამოვნოს ხდის,“- მიშოსთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა თსუ-ს საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ უცხოელი სტუდენტებთან კომუნიკაცია. „მომწონს განსხვავებული კულტურის, ჩვევებისა და სამზარეულოს გაცნობა. მათთან ურთიერთობის შედეგად, მეტად ტოლერანტული გავხდი  და ინგლისურიენის ცოდნა და მეტყველება მნიშვნელოვნად გავაუმჯობესე,“ - მიშო ფიქრობს, რომ აქ გატარებული წლები და მიღებული გამოცდილება, მისი პიროვნების მნიშვნელოვანი მდგენელი გახდება და ხასიათის იმ თვისებებს ჩამოუყალიბებს, რომლებიც მთელი ცხოვრება დაეხმარება პირად და პროფესიული ცხოვრების გაკვალვაში. ჩვენთან საუბრის ბოლოს სტუდენტების სხვა ჯგუფს უერთდება და გვეუბნება,რომ  პანდემიას საერთო საცხოვრებელში აქტიური სტუდენტური ცხოვრებისთვის ხელი არ შეუშლია. სტუდენტების ნაწილი, საერთო საცხოვრებელში სწორედ პანდემიის პერიოდში გადმოვიდა და სატარიფო შეღავათებით სარგებლობს.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საცხოვრებლით უზრუნველყოფას ბაგებისა და ლისის საერთო საცხოვრებელში.

 

ევროპული სტანდარტების 320 ადგილიანი ლისის სტუდენტური საერთო საცხოვრებელი 2017 წელს გაიხსნა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნივერსიტეტს თსუ-ს 99 წლის იუბილეზე გადასცა.

 

საერთო საცხოვრებელ კომპლექსი სამი ოთხსართულიანი კორპუსის განშედგება, სადაც გათვალისწინებულია საზოგადოებრივი/ადმინისტრაციული დანიშნულების შენობა და სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები, საკონფერენციო ოთახი, ონლაინ ბიბლიოთეკა, კომპიუტერული რესურს-ცენტრი, სამრეცხაო, სამზარეულო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა, რომელიც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს უქმნის.

 

საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის ორადგილიანი ბინებია. მათ შორის, ორი ოთახი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვისაა განკუთვნილი. საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა კი სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

 

სტუდქალაქში მოსახვედრად თსუ-ს სტუდენტებმა ონლაინ რეგისტრაცია lms.tsu.ge-დან უნდა გაიარონ. რეგისტრაციის დაწყების შესახებ სტუდენტს ეცნობება წინასწარ სმს შეტყობინების სახით.

 

საერთო საცხოვრებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ საერთო საცხოვრებლების ინდივიდუალურ ვებგვერდებზე:
ლისის საერთო საცხოვრებელი
ბაგების საერთო საცხოვრებელი

თარიღი: 08/04/2022