საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უნიკალური მსოფლიო ატლასი - მუზეუმების საერთაშორისო დღეს თსუ-ში

18 მაისს მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2022 წლის მთავარი გზავნილია #მუზეუმებისძალა. ამ დღესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში XVIII საუკუნის დასაწყისის უნიკალური მსოფლიო ატლასი გამოიფინა, რომლის ნახვა მსურველებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ.

 

1711 წლით დათარიღებული მსოფლიო ატლასი, რომელიც ქალაქ ნიურნბერგში (გერმანია) გამოიცა, სულხან-საბა ორბელიანმა ევროპაში მოგზაურობის დროს შეიძინა. მსოფლიო ატლასი მისი გაფორმებითა და შესრულების სტილით,  ძველ ატლასებს შორის, იშვიათ და გამორჩეულ ეგზემპლარად არის მიჩნეული. წითელი მელნით ატლასზე გაკეთებული ქართული მინაწერები კი მის უნიკალურობას უფრო მეტად უსვამს ხაზს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ამ მინაწერების ავტორი თავად სულხან-საბა ორბელიანია.

 

დიპლომატიური მისიით ევროპაში წასულმა საქართველოს ელჩმა თან ქართული კარტოგრაფიული ნიმუშები წაიღო, რათა საფრანგეთის მეფისთვის კარტოგრაფიული მასალებით გაეცნო ის ქვეყანა, რომელთანაც ეკონომიკურ-პოლიტიკური ურთიერთობები უნდა ჰქონოდა. მოგზაურობის დროს სულხან-საბა ორბელიანს ევროპული კარტოგრაფიული მიღწევებისადმი დიდი ინტერესი გამოუჩენია. „მის ინტერესს კარტოგრაფიისა და გეოგრაფიისადმი მოწმობს აგრეთვე მოგზაურობიდან წამოღებული მსოფლიო ატლასი და რუკები. მათი ნაწილი გაიფანტა ან დაიკარგა - კონსტანტინეპოლიდან სამშობლოში მომავალი სულხანი გზაზე არაერთხელ დაარბიეს. მიუხედავად ამისა, ჩვენამდე მოაღწია მის მიერ საქართველოში ჩამოტანილმა 1711 წლის მსოფლიო ატლასმა,“ - აღნიშნულია კობა ხარაძისა და მიხეილ ქავთარიას ნაშრომში „1711 წლის მსოფლიო ატლასის ქართული მინაწერები.“

 

აფრიკა, ასია, ისპანია, ფრანცია - ვკითხულობთ ქართულ მინაწერებს ატლასზე გერმანულ და ლათინურ წარწერებთან ერთად. მკვლევართა თქმით, ატლასზე გაკეთებული ქართული მინაწერები სწორედ იმ ადგილების გასწვრივ, რომელ გეოგრაფიულ არეალშიც, სავარაუდოდ, სულხან-საბა გადაადგილდებოდა, ადასტურებს, რომ საქართველოს ელჩს ამ წარწერების გაკეთება ევროპაში მოგზაურობის პერიოდში დაუწყია. ატლასზე სახელები, გეოგრაფიული კოორდინატებით, შეტანილია მის მიერ შექმნილ ენციკლოპედიურ ლექსიკონშიც. „გრაფემათა მოხაზულობის შედარებისას გამოჩნდა, რომ ასოები თითქმის იდენტურია. ერთია მხოლოდ, ატლასში წვრილადაა ნაწერი, ხოლო ლექსიკონში მსხვილად. ასოთა იდენტურობა, გამოყვანის ერთნაირი სტილი, საერთოდ წერის ერთნაირი მანერა უეჭველად ამტკიცებს, რომ ატლასის მინაწერების ძირითადი ხელი საბასია,“ - ვკითხულობთ ნაშრომში.

 

ერთ-ერთი ვარაუდით, სულხან-საბა ორბელიანის მიზანს ქართულ ენაზე მსოფლიო ატლასის საქართველოში გავრცელება წარმოადგენდა, თუმცა, იმ პერიოდში, აღმოსავლეთ საქართველოში მტრის შემოსევამ და მეფე ვახტანგ VI-სთან ერთად, საქართველოდან სულხან-საბას დროებითმა გამგზავრებამ, ქვეყნის ელჩს ამის შესაძლებლობა აღარ მისცა. ამ გამგზავრებიდან მალე, 1725 წელს, სულხან-საბა ორბელიანი გარდაიცვალა. მის მიერ ევროპიდან ჩამოტანილმა მსოფლიო ატლასმა მოგვიანებით გავლენა იქონია, 1735-1752 წლებში, ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შექმნილ ატლასებზე. „აღნიშნული ატლასი ცნობილი უნდა ყოფილიყო ვახუშტისათვის. ამის უტყუარი საბუთია ის, რომ ვახუშტის პირველი ატლასის რუკებს აქვს 1711 წლის მსოფლიო ატლასის გავლენა. ამ მხრივ აღსანიშნავია გრადუსთა ბადე, საწყისი მერიდიანი, პროექცია, ჩარჩოებისა და სათაურების გაფორმება და სხვა,“ - აღნიშნულია ნაშრომში.

 

უნიკალური მსოფლიო ატლასი დაცულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის მუზეუმში.

 

თარიღი: 18/05/2022