23-25 სექტემბერს თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) ორგანიზებით გაიმართება XVIII საერთაშორისო სიმპოზიუმი - ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები.
ღონისძიების გახსნის ცერემონიალი შედგება 23 სექტემბერს, 12:00 საათზე.
სიმპოზიუმი ეძღვნება შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დაფუძნებიდან 90-ე წლისთავს.
სიმპოზიუმის თემაა: ომისა და მშვიდობის თემა თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურასა და კულტურაში.
სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები:
ომის თემა თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაში;
რეგიონული და ეთნიკური კონფლიქტები და გლობალური ნარატივები;
მშვიდობის ნარატივები ლიტერატურაში;
ომისა და მშვიდობის თემა ვიზუალურ ხელოვნებასა და ციფრულ მედიაში.
წელს სიმპოზიუმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (იაპონია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სერბეთი, ლიეტუვა, უკრაინა, ბულგარეთი, თურქეთი, სომხეთი და ა.შ.) უმასპინძლებს 40-მდე უცხოელ მეცნიერს. მათ შორის სიმპოზიუმის პლენარული მომხსენებლები იქნებიან ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი ჰიკარუ ფუჯიი (იაპონია, ტოკიო) და ახალი სორბონა პარიზი 3 უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრ სტროევი (საფრანგეთი, პარიზი). სამეცნიერო სესიები შედგება როგორც დასწრებულ, ისე online ფორმატში.
კონფერენციის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.
სიმპოზიუმის ფარგლებში, 23 სექტემბერს, 15:00 საათზე, თსუ მუზეუმის დარბაზში გაიმართება ფოტოგამოფენა და საიუბილეო გამოცემის - „ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ამბებსა და ფოტოებში“ - წარდგინება. წიგნი დარიგდება საჩუქრად.
25 სექტემბერს, 17:00 საათზე თსუ მუზეუმის დარბაზში გაიმართება დასკვნითი პლენარული სესია და სიმპოზიუმის საზეიმო დახურვის ცერემონიალი.
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დაფუძნებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები წლის ბოლომდე გაგრძელდება.