Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი 100 წლისაა

თსუ-ში ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

 

ღონისძიება თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა. მან ხაზი გაუსვა გეოლოგიის ინსტიტუტის საუკუნოვან ისტორიას და მეცნიერების განვითარების საქმეში მისი წვლილის მნიშვნელობას: „გეოლოგიის ინსტიტუტი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო კერაა. თქვენი მუშაობის შედეგია, რომ დღეს საქართველოს გეოლოგიური სკოლა აღიარებულია როგორც კავკასიის, ისე მსოფლიო მასშტაბით. თქვენი ინსტიტუტის პრაქტიკული მნიშვნელობა უდიდესია - ის ქვეყნის ბუნებრივი რესურსების, ეკოლოგიური მდგრადობისა და ეკონომიკური განვითარების საფუძველს ქმნის. თითოეული თქვენგანის როლი ამ საქმეში ფასდაუდებელია. ჩვენი ქვეყნის წინსვლა ასეთი ძლიერი და პრაქტიკული სამეცნიერო ინსტიტუტების გარეშე წარმოუდგენელია,“ - განაცხადა თსუ-ის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

 

სამეცნიერო კონფერენციას „მიღწევები და გამოწვევები გეოლოგიაში“ თსუ-ს მხარდაჭერით გაიმართა და მიზნად ისახავდა ქართველი მეცნიერთა მიღწევების წარმოჩენას, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

 

ღონისძიების ბოლოს ასევე გაიმართა ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის საპატიო მედლების გადაცემის ცერემონია შვიდ ნომინაციაში:

• დამსახურებული მეცნიერი - ერეკლე გამყრელიძე

• ახალგაზრდა კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის - დავით შენგელია

• ღვაწლმოსილი ქალი მეცნირი - მანანა ტოგონიძე

• ინსტიტუტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - თამარ წუწუნავა

• წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერი - ირაკლი ჯავახიშვილი

• ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნისა და განვითარებისთვის - გიორგი ბერიძე

• მეცნიერების კომერციალიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის - ვახტანგ გვახარია.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების მეცნიერებმა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინსტიტუტის საერთაშორისო მნიშვნელობასა და მის დიდ წვლილს მეცნიერების განვითარებაში.