თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პერსონალის მეექვსე საერთაშორისო კვირეულის დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ევროპის 8 ქვეყნის 24 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
საერთაშორისო კვირეულის მონაწილეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა სერტიფიკატები გადასცა, უცხოელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და საკუთარი უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარებისთვის.
ხუთი დღის განმავლობაში კვირეულის მონაწილეები უნივერსიტეტების ეფექტიანად მართვის პროცესში ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობას განიხილავდნენ, ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ და თანამშრომლობის პერსპექტივაზე საუბრობდნენ. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კი პერსონალის საერთაშორისო კვირეულის მონაწილეებისთვის კონსერვატორიის სტუდენტებმა და პროფესორებმა კლასიკური მუსიკის კონცერტი გამართეს.