საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-05-24
თარიღი 14:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი  კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

24 მაისს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მწერალი როსტომ ჩხეიძე წარადგენს თავის წიგნს „სამანელები 61 ამბავი“ და გაიხსნება შალვა შავიანიძის პირადი კოლექციის გამოფენა.

 

1941 წელს თბილისში შეიქმნა არალეგალური სამხედრო ორგანიზაცია სახელწოდებით „სამანი“, რაც  ნიშნავს: საქართველოსთვის მებრძოლ ახალგაზრდულ ორგანიზაციას (ახალგაზრდა ნაციონალ-სოციალისტები).  იატაკქვეშა მოძრაობის წევრები აპროტესტებდნენ  საბჭოთა ხელისუფლების სისხლიან პოლიტიკას. მათი მიზანი იყო არსებული რეჟიმის დამხობა აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.  

 

მოძრაობა „სამანის“ ერთ-ერთი  დამფუძნებელი და აქტიური წევრი გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ასპირანტი, (ხელმძღვანელი  პროფესორი კორნელი კეკელიძე),  შალვა შავიანიძე (1915-1942), შალვა  მიტროპოლიტ ნაომი შავიანიძის შვილი იყო. ის 1942 წლის 10 იანვარს დააპატიმრეს შეთქმულებაში მონაწილოებისთვის, მას ბრალად ედებოდა არალეგალურ-კონტრრევოლუციური ფაშისტური ორგანიზაციის აქტიური წევრობა, შეთქმულებაში მონაწილეობის მიზნით ადამიანების გადაბირება და აჯანყებისათვის მზადება. ამიერკავკასიის სამხედრო ტრიბუნალმა შალვა შავიანიძეს მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა.

 

შავიანიძეების ოჯახის წარმომადგენელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა მარინა შავიანიძემ თსუ ბიბლიოთეკას გადასცა თავისი წინაპრის შალვა შავიანიძის კოლექცია:  წიგნები, ბიოგრაფიული დეტალების დამადასტურებული  ცნობები, პირადი ხასიათის  წერილები, სალექციო ჩანაწერები და ფოტოსურათები.  ექსპოზიციაზე სწორედ აღნიშნული მასალა  იქნება  წარმოდგენილი.

 

მწერალი როსტომ ჩხეიძე წარმოადგენს   თავის მხატვრულ-დოკუმენტურ წიგნს, რომელიც შეთქმულთა რაზმის „სამანის“ შესახებ ამბებს აერთიანებს. ავტორი თავად ისაუბრებს ამ ორგანიზაციაზე, ისტორიულ კონტექსტზე, შეთქმულთა რაზმის წევრების ბედსა და ხვედრზე.

 

მსგავსი ღონისძიებები