საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-05-19
თარიღი 16:00 სთ
მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი  კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

19 მაისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გამომცემლობა „აკადემიური წიგნი“ წარმოგიდგენთ თორნთონ უაილდერის ქართულ თარგმანებს.

 

თორთონ უაილდერი (1897-1975) გამოჩენილი ამერიკელი რომანისტი და პიესების ავტორია. მის შემოქმედებაში  წარმოჩენილია ყოველდღიურისა და მარადიულის შერწყმის მცდელობა და კაცობრიობის კოსმიური განცდები. უაილდერის თხზულებები რამდენიმეჯერ აღინიშნა პულიცერის პრემიით: 1928 წელს რომანისთვის „სან ლუი რეის ხიდი", 1938 წელს პიესისათვის - „ჩვენი ქალაქი", 1943 წელს კი - „ჩვენი კბილების კანი". უაილდერის პიესა „მაჭანკალი" დაედო საფუძვლად ცნობილ მიუზიკლს  "ჰელოუ დოლი!"

 

„მარტის იდები“ არის თორნთონ უაილდერის ეპისტოლარული ჟანრის პირველი რომანი. იგი  გამოიცა 1948 წელს. ავტორის სიტყვებით, ეს არის „ფანტაზია რომის რესპუბლიკის ბოლო დღეების გარკვეულ მოვლენებსა და პიროვნებებზე. რომანის სიუჟეტი მთლიანად შეთხზულია, მიუხედავად იმისა, რომ მასში ნახსენები ადამიანები ნამდვილად ისტორიული პირები არიან. რომანი აღწერს ისეთ მოვლენებს, რომლებიც უშუალოდ უძღოდა წინ კეისრის მკვლელობას ძვ.წ. 44 წლის 15 მარტს, რომანში აღწერილია უფრო ადრე მომხდარი ამბები, როგორც ამ მკვლელობის თანადროული ფაქტები.

 

თორნთონ უაილდერის „ჩვენი ქალაქი“ სამმოქმედებიანი პიესაა, რომელიც შეიქმნა 1938 წელს. ედვარდ ოლბიმ, ასე შეაფასა იგი: „ყველაზე დიდი ამერიკული პიესა, რაც ოდესმე დაწერილა". მოქმედება ვითარდება გამოგონილ ამერიკულ ქალაქში - გროვერს ქორნერში 1901-დან 1913 წლამდე. ეს არის მნიშვნელოვანი პიესა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მივიღოთ და დავაფასოთ თავად ცხოვრების ღირებულება.

 

„ჩვენი ქალაქის“ პირველი წარმოდგენა შედგა მაკკარტერის თეატრში პრინსტონში, ნიუ ჯერსიში, 1938 წლის 22 იანვარს. შემდეგ კი მეტად პოპულარული გახდა ბროდვეიზე და მიიღო პულიცერის პრემია დრამაში, რამაც ავტორს მსოფლიო აღიარება მოუპოვა.

 

1983 წლის 8 თებერვალს თბილისში, "კინომსახიობთა თეატრის" სცენაზე, მიხეილ თუმანიშვილმა დადგა პიესის გადმოქართულებული ვერსია, რომელსაც „ჩვენი პატარა ქალაქი“ ერქვა (სცენარის ავტორი - რევაზ გაბრიაძე). 2014 და 2019 წლებში დიდი პოპულარობის გამო, სპექტაკლი კვლავ აღადგინეს. 

 

„სან ლუის რეის ხიდი“ თორნთონ უაილდერის მეორე რომანია. იგი პირველად გამოიცა 1927 წელს და მალევე მოიპოვა მსოფლიო აღიარება. რომანმა 1928 წელს მიიღო პულიცერის პრემია და იმ წელს ყველაზე პოპულარული მხატვრული ნაწარმოები იყო.

 

„სან ლუის რეის ხიდი“ მოგვითხრობს რამდენიმე ადამიანზე, რომლებიც იღუპებიან პერუში ინკას თოკის ხიდის ჩამონგრევის შედეგად და იმ მოვლენებზე, რომლებიც წინ უძღვოდა მათ უეცარ სიკვდილს. ბერი, რომელიც შემთხვევის მოწმეა, შემდეგ მსხვერპლთა სიცოცხლეს იკვლევს და ეძებს ერთგვარ კოსმიურ პასუხს კითხვაზე, თუ რა მიზეზი ჰქონდა თითოეული მათგანის სიკვდილს? თორნთონ უაილდერის სიტყვებით, ამ ნაწარმოებში მან სცადა პასუხი გაეცა შეკითხვაზე: „აქვს ცხოვრებას რაიმე მიმართულება და მნიშვნელობა, ინდივიდის ნების მიღმა?“

 

თორნთონ უაილდერის ქართულ თარგმანებს წარადგენს გამომცემლობის „აკადემიური წიგნი“ ხელმძღვანელი მაია ღამბაშიძე და  მთარგმნელი  ნინო ღამბაშიძე. წიგნებზე, ასევე, ისაუბრებენ პროფესორები ლევან გიგინეიშვილი და კახაბერ ხიმშიაშვილი და ამერიკის საელჩოსა და მწერალთა სახლის წარმომადგენლები.

 

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა თორნთონ უაილდერის ქართული თარგმანების გამოცემების გამოფენა-გაყიდვა.

 

მსგავსი ღონისძიებები