1921 წლის 25 თებერვალს, იმ დროს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში, თბილისში საბჭოთა დიქტატურა მყარდებოდა, პარიზში საქართველოს ლეგაციის ხელმძღვანელი, საგანგებო დესპანი და სრულუფლებიანი მინისტრი აკაკი ჩხენკელი საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდრ მილიერანს რწმუნებათა სიგელს გადასცემდა.
25 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება ქართველი დიპლომატისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის აკაკი ჩხენკელის პირადი დღიურებისა და საქმიანი წერილების პრეზენტაცია.
2024 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ აკაკი ჩხენკელის დაბადებიდან 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორი გამოცემა მოამზადა.
აკაკი ჩხენკელის დღიურების მეორე ტომი გაგრძელებაა ჩხენკელის დღიურების სერიისა, რომლის პირველი ტომიც 2021 წელს გამოიცა. დღიურები წარმოადგენს პარიზში საქართველოს ელჩის პოსტზე ყოფნისას ჩხენკელის ყოველდღიური საქმიანობის ამსახველ ჩანაწერებს, რასაც თან ახლავს ავტორის პირადი მოსაზრებები და თანადროული შეფასებები საქართველოს გარშემო თუ მსოფლიოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. დღიურების მეორე ტომი 1921 წლის აპრილიდან 1922 წლის ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს და იწყება პარიზში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილი მთავრობის ჩასვლით. აქვეა აღწერილი პარიზში, რომში, ლონდონსა და გენუის კონფერენციაზე საქართველოს საბჭოთა რუსეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლის პირველი მცდელობები.
„საქმიანი წერილები, საუბრის ჩანაწერები და ოქმები“ აკაკი ჩხენკელის პარიზში საქართველოს ელჩად მოღვაწეობის პერიოდს სრულად მოიცავს. გამოცემის პირველ ტომში შესულია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლებისთვის ჩხენკელის მიერ გაგზავნილი საქმიანი წერილები და დირექტივები. აქვეა საუბრის ჩანაწერები იმ ხანის ევროპის არაერთ ცნობილ პოლიტიკოსთან და თანამდებობის პირთან. წერილები და საუბრის ჩანაწერები 1921-1939 წლების პერიოდს მოიცავს. გამოცემის მეორე ტომი სხვადასხვა უცხოენოვან დოკუმენტს აერთიანებს, რომლებიც ჩხენკელის ავტორობით ან მისი მონაწილეობით შეიქმნა. დოკუმენტებს თან ახლავს ქართულენოვანი თარგმანი. ორტომეული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მომზადდა.
პრეზენტაციის დროს გაიმართება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება თსუ ბიბლიოთეკასა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალა, დაკავშირებული აკაკი ჩხენკელის მოღვაწეობასთან.
აკაკი ჩხენკელის დაბადების 150 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული არქივი, ქ. თბილისის მერია.