18-19 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი, რომელიც წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს ერთობლივ ღონისძიებას. ეს არის კულტურული სახის პროექტი, რომელიც აერთიანებს ხორბალს, ღვინოსა და აკადემიურ/სამეცნიერო წიგნს — ქართული ცივილიზაციის სამ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს. აღნიშნული კომპონენტები არა მხოლოდ მატერიალური კულტურის ნაწილია, არამედ ასახავს ქართველი ერის ისტორიულ მეხსიერებას, შრომის ეთიკას, განათლების ტრადიციასა და სულიერ ფასეულობებს. ივანე ჯავახიშვილის მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობა სწორედ ამ ერთიანობის კვლევას ემსახურებოდა: მისი ნაშრომები ნათლად წარმოაჩენს, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა და კულტურა ეფუძნება მიწათმოქმედებას, მეღვინეობას და ცოდნის უწყვეტ განვითარებას.
ღონისძიების ამოცანაა ქართული ხორბლის ჯიშების პოპულარიზაცია, მათი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის წარმოჩენა და აგრარული ტრადიციების მხარდაჭერა. ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის სივრცე უმასპინძლებს მრავალფეროვან აქტივობებს: წარმოდგენილი იქნება ქართული ენდემური ხორბლის ჯიშები, ტრადიციული, ქართული პურის დეგუსტაციები, აგრარული მიმართულების ექსპერტების საჯარო ლექციები და დისკუსიები. ფესტივალი აერთიანებს, როგორც მეცნიერებსა და სტუდენტებს, ისე ფერმერებსა და ფართო საზოგადოებას.
მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან სხვადასხვა ქართული ხორბლისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ პროდუქციას. მათ შესაძლებლობა ექნებათ გააცნონ სტუმრებს თავიანთი კომპანიები. გაიმართება ღვინისა და ხორბლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია.
საოჯახო მეურნეობა „მილდიანი“ ჩამოასხამს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ღვინოს, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს. აღნიშნული ღვინო წარმოადგენს განსაკუთრებულ პროდუქტს, რომელიც აერთიანებს ქართული მეღვინეობის ტრადიციებსა და ისტორიულ მემკვიდრეობას.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კონფერენცია-დისკუსია, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართულ ხორბალთან და ღვინოსთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები. მოწვეულ ხორბლისა და ღვინის კომპანიებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ კონფერენციაში. საკონფერენციო მასალები დაიბეჭდება საიუბილეო კრებულში.
ფესტივალის ფარგლებში, ასევე, ჩატარდება აკადემიური წიგნის ფესტივალი, რომელიც ერთ სივრცეში შეკრებს საუნივერსიტეტო გამომცემლობების წიგნებს, მათ ავტორებსა და მკვლევრებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბოლო ხუთი წლის გამოცემები, როგორც უნივერსიტეტის გამომცემლობის, ასევე, აღნიშნული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების მიერ გამოცემული წიგნები.
მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ უახლეს სამეცნიერო და საგანმანათლებლო გამოცემებს, დაესწრონ წიგნის პრეზენტაციებს, შეხვდნენ ავტორებს და ჩაერთონ თემატურ დისკუსიებში. ღონისძიება უნიკალურ შესაძლებლობას შექმნის დაინტერესებული საზოგადოებისთვის, გაეცნონ თანამედროვე კვლევებს, ინოვაციურ ნაშრომებსა და აქტუალურ აკადემიურ ტენდენციებს.
ღონისძიება მიზნად ისახავს მეცნიერების, განათლებისა და ტრადიციული მეურნეობის დაკავშირებას, ცოდნის გაზიარებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას როგორც აგრობიომრავალფეროვნების, ისე აკადემიური კვლევის მნიშვნელობის შესახებ.