26-27-28 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას: "ხელოვნური ინტელექტის მომავალი - სად ვართ და სად მივდივართ".
კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე განვითარებას, მის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს სხვადასხვა კონტექსტში განიხილავს. ღონისძიება აერთიანებს აკადემიური სფეროს, ტექნოლოგიების, განათლების, ბიზნესის, სამართლის, მედიისა და სხვა დარგების წარმომადგენლებს/სტუდენტებს.
კონფერენციის პირველი დღე დაეთმობა მოწვეული სპიკერების მოხსენებებსა და პანელურ დისკუსიას, რომელიც შეეხება AI-ის გავლენას სტარტაპებისა და მეწარმეობის ეკოსისტემაზე. 27–28 სექტემბერს კი გაიმართება სტუდენტური კონფერენციის სექციები, სადაც მონაწილეები წარმოადგენენ კვლევებსა და მოსაზრებებს ხელოვნური ინტელექტის გავლენაზე განათლებაში, მეცნიერებაში, მედიცინაში, სამართალში, ბიზნესში, კიბერუსაფრთხოებაში, მედიაში, კულტურასა და სხვა სფეროებში.
კონფერენციის მთავარი მიზანია ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმდინარე ეტაპის გააზრება, მისი შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ აკადემიური და პროფესიული დისკუსიის ხელშეწყობა და იმ ცვლილებების განხილვა, რომლებიც AI-ს სხვადასხვა სფეროში მოაქვს.
კონფერენცია ხორციელდება სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, თსუ-ს ინტელექტუალთა კლუბის და ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით.
კონფერენციის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტში.