საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ერთ–ერთი უპირველესი უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებაა, რომელიც 1918 წელს  დაარსდა და ერთ-ერთი ლიდერი უნივერსიტეტია სამხრეთ კავკასიიდან (Times Higher Education 2019).

უნივერსიტეტის ღირებულებები ეფუძნება კრიტიკულ, შემოქმედებით და პროგრესულ აზროვნებას, აკადემიური თავისუფლებისა და ეთიკის პრინციპებს, ღია, დინამიურ და გამჭვირვალე ურთიერთობებს.

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირების მიხედვით, ­სა­უკეთ­ესო­ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის­ 2%-ში მოხვდა (U.S. News&World Report-ი).

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხედვაა, 2024 წელს წარმოადგენდეს ევროპული ღირებულებების და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრს, რომელსაც უზრუნველყოფილი ექნება:

საგანმანათლებლო პროგრამების საზოგადოების მოთხოვნებთან და შრომის ბაზართან ჰარმონიზაცია, მათ შორის მუდმივად განვითარებადი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით;

ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების გაზრდილი რაოდენობა;

საგანმანათლებლო, კვლევითი და ადმინისტრაციული პროცესების ინტერნაციონალიზაცია.

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციის თანახმად (ლისაბონის კონვენცია - 1997), უნივერსიტეტის მიერ გაცემულ დიპლომი აღიარებულია მსოფლიოში.

ბოლონიის პროცესში ჩართულია ევროპის 49 ქვეყანა. საქართველო აღნიშნულ პროცესს შეუერთდა 2005 წლის მაისში, ნორვეგიის ქალაქ ბერგენში გამართულ სამიტზე. ბოლონიის დეკლარაციაზე ხელმოწერას წინ უსწრებდა ისეთი დოკუმენტების მიღება, როგორიცაა:  უნივერსიტეტების დიდი ქარტია (1988), ლისაბონის კონვენცია (1997) და სორბონის დეკლარაცია  (1998).

2005 წლიდან თსუ აქტიურად ჩაერთო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ისეთ პროგრამებში, როგორებიცაა: ერაზმუს მუნდუსი, ერაზმუს+, ტემპუსი, მარი კიურის მე-7 ჩარჩო პროგრამა, Horizon 2020, ERC, ინსტიტუციური განვითარების პროგრამები და სხვ.

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველწლიურად 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება.

ამჟამად, თსუ-ს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 200-მდე უცხოურ უნივერსიტეტთან მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან და ასევე გაცვლითი პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობს 100-მდე ევროპულ უნივერსიტეტთან ერაზმუს პლუსისა და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედი გაცვლითი პროგრამების კუთხით.

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველია სამხრეთ კავკასიის რეგიონში 2018-2020 სასწავლო წლებში ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის /ICM/ პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული იმ სტუდენტებისა და პერსონალის რაოდენობით, რომლებიც ევროპის უნივერსიტეტებში ისწავლიან და აიმაღლებენ კვალიფიკაციას; ბოლო 3 წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე ასეულმა სტუდენტმა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) მიიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში. ამავე პერიოდში თსუ უმასპინძლა 500-ზე მეტ „16” უცხოელ სტუდენტს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში, ხორციელდება ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული მობილობა.

დღეისთვის თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს (მათ შორის 600-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე). თსუ-ში ფუნქციონირებს შემდეგი ფაკულტეტები:

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

იურიდიული ფაკულტეტი

მედიცინის ფაკულტეტი

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

2017-2019 წლებში შვიდ ფაკულტეტზე განხორციელებულია 240-მდე საგანმანათლებლო პროგრამა. მათ შორის: ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა - 67; ერთსაფეხურიანი - 3; მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა - 96; დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა - 50; მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული პროგრამა - 1; მასწავლებლის მომზადების პროგრამა - 1; ქართულ ენაში მომზადების პროგრამა - 3; პროფესიული პროგრამა - 12; უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა - 21, აქედან, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა - 9; ერთსაფეხურიანი - 1; მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა - 8; დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა - 3; 5 საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო პროგრამა: თსუ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები: „კომპიუტერული მეცნიერება“, „ელექტრული ინჟინერია“, „ქიმია-ბიოქიმია“, „კომპიუტერული ინჟინერია“, იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა - „საჯარო მმართველობა“.

განსაკუთრებულად ხაზგასასმელია ის რაოდენობრივი მაჩვენებელი, რომ უნივერსიტეტს ჰყავს 300 000-ზე მეტი კურსდამთავრებული.

თსუ ბიბლიოთეკებში დაცულია 8 მილიონი წიგნი და 22 მილიონზე მეტი გამოგონება/პატენტი. მკითხველს აქვს წვდომა თანამედროვე სამკითხველო დარბაზებთან, მუდმივად განახლებადი ფონდების ელექტრონულ ვერსიებზე (www.ebooks.tsu.ge).

უნივერსიტეტს აქვს თანამედროვე სასწავლო სივრცეები. თსუ სტუდენტებსა და პროფესორებს აქვთ ღია წვდომა საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებსა და რესურსებზე. აღნიშნული და მრავალი სხვა რესურსი მათ მსოფლიო სამეცნიერო სიახლეების რეალურ დროში გაცნობის და მსოფლიო წამყვან უნივერსიტეტებთან თანაბარი შესაძლებლობების ფლობის საშუალებას აძლევს.

თსუ-ში ფუნქციონირებს 16 კვლევითი ინსტიტუტი; 85-მდე სასწავლო ლაბორატორია. მათ შორის: ფაბლაბი, SMART/Lab, SMART/Atmo-Sim-Lab, Bloomberg ლაბორატორია, სან-დიეგოს უნივერსიტეტის მიერ მოდერნიზებული ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიები, მულტიმედია ცენტრი, არქეოლოგიური საველე ბაზა გრაკლიან გორაზე, სახვით ხელოვნების სტუდია და სხვა.

თსუ სტუდენტებს აქვთ აქტიური კულტურული და სპორტული ცხოვრების შესაძლებლობა (ლინკი).

უნივერსიტეტს აქვს ახალი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებელი (ლინკი), რომელიც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. კომპლექსი სამი ოთხსართულიანი კორპუსისგან შედგება და ითვალისწინებს საზოგადოებრივ-ადმინისტრაციული დანიშნულების შენობასა და სპორტულ მოედანს.