საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
  • ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ ვიზის მისაღებად?

ვიზის მისაღებად მოქალაქემ უნდა მიმართოს შესაბამის საკონსულო სამსახურს (ლინკი).

 

  • რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან ყველაზე ხშირად უცხო ქვეყნიდან?

 

ინდოეთი, ერაყი, იორდანია, არაბეთი, ნიგერია, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი.

 

 

  • უფრო ხშირად რომელ ფაკულტეტზე და პროგრამაზე სურთ სწავლის გაგრძელება?

 

მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამაზე - „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში“; იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „საჯარო მმართველობა“; იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა“; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევრაზიისა და კავკასიის კვლევები“.

 

  • რამდენად შეუძლიათ სტუდენტებს საერთო საცხოვრებლით სარგებლობა?

 

თსუ-ში ჩარიცხულმა, აქტიური სტატუსის მქონე  სტუდენტმა, საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებით, განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას (ლინკი).

 

  • ვის შეუძლია მიიღოს სტუდენტური ID ბარათი?

სტუდენტური ID ბარათის მიღება შეუძლიათ „აქტიური“  სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე.

  • სად უნდა ავიღო სტუდენტური ID ბარათი?

სტუდენტური ID ბარათის მისაღებად უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლს (ლინკი).

  • ვის შეუძლია ისარგებლოს სტუდენტური სამგზავრო ბარათით და სად უნდა მიმართოსამგზავრო ბარათიმისაღებად?

 

 

სტუდენტური სამგზავრო ბარათით სარგებლობა შეუძლიათ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე -  ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის, დოქტორანტურისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს. სტუდენტური სამგზავრო ბარათის მისაღებად უნდა მიმართონ სს „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალს.

 

  • რას გულისხმობს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება?

უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება გულისხმობს უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებას და საგანმანათლებლო დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას ახორციელებს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (დანართი 2, ლინკი).

  • აქვს თუ არა თსუ-ს გაცვლითი პროგრამები?

 

თსუ სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის გაცვლით პროგრამებს, დეტალური ინფორმაციისთვის უნდა დაუკავშირდეთ თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს (ლინკი).

 

  • გასცემს თუ არა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს?

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციის თანახმად (ლისაბონის კონვენცია - 1997), უნივერსიტეტის მიერ გაცემულ დიპლომი აღიარებულია მსოფლიოში.

ბოლონიის პროცესში ჩართულია ევროპის 49 ქვეყანა. საქართველო აღნიშნულ პროცესს შეუერთდა 2005 წლის მაისში, ნორვეგიის ქალაქ ბერგენში გამართულ სამიტზე. ბოლონიის დეკლარაციაზე ხელმოწერას წინ უსწრებდა ისეთი დოკუმენტების მიღება, როგორიცაა:  უნივერსიტეტების დიდი ქარტია (1988), ლისაბონის კონვენცია (1997) და სორბონის დეკლარაცია  (1998). (ლინკი - ზოგადი ინფორმაცია თსუ-ზე).

2007 წლის 14 მაისიდან საქართველოსთვის ძალაში შევიდა ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენცია, აღნიშნული თარიღიდან, ჰააგის კონვენციის წევრ სახელმწიფოების ტერიტორიაზე გამოსაყენებელი დოკუმენტები საქართველოს ოფიციალური ორგანოების მიერ მოწმდება სპეციალური შტამპით - აპოსტილით.

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომით შესაძლებელია თუ არა სწავლის გაგრძელება უცხო ქვეყანაში?

დიახ, შესაძლებელია. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა და მობილობა თითოეული ქვეყნის კანონმდებლობით ინდივიდუალურად რეგულირდება. შესაბამისად, სწავლის გაგრძელებისა და სტუდენტთა მობილობის წინაპირობები ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა შეიძლება იყოს.

საქართველოში გაცემული დოკუმენტი სხვა ქვეყანაში გამოყენების მიზნით საჭიროებს დიპლომის ნამდვილობის დადასტურებას, ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას.

მოქალაქემ დიპლომის ნამდვილობის დასადასტურებლად უნდა მიმართოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ლინკი), ხოლო ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმებისთვის უნდა მიმართოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (ლინკი).

 

  • როდის და როგორ უნდა გააფორმოს უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნივერსიტეტთან ხელშეკრულება?

 

საქართველოს მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე ბრძანების გამოცემის შემდეგ, მოქალაქე ვალდებულია გააფორმოს ხელშეკრულება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც.

 

  • შეძლებ თუ არა მოქალაქე ხელშეკრულების გაფორმებას იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანია?

 

არასრულწლოვანის პირის შემთხვევაში, ხელშეკრულებას ფორმდება მშობლის მიერ, რომელიც წარმოადგენს  არასრულწლოვანი შვილის დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლს.

 

 

  • შეუძლია თუ არა სხვა პირს ხელშეკრულების გაფორმება?

 

სხვა პირის მიერ ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის (მინდობილობა) წარმოდგენის შემთხვევაში.

 

 

  • რას ნიშნავს ადმინისტრაციულიდა აკადემიური რეგისტრაცია? როდის და როგორ ხდება სასწავლო კურსების არჩევა?

 

ადმინისტრაციული რეგისტრაცია ნიშნავს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში სწავლის საფასურის გადახდას, ხოლო აკადემიური რეგისტრაცია ნიშნავს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში სასწავლო კურსების არჩევას და დაფიქსირებას სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში.

სასწავლო კურსების არჩევა ხდება ელექტრონულად სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში სტუდენტის მიერ ფაკულტეტთან კონსულტაციის საფუძველზე.

 

 

 

 

  • რამდენია სწავლის წლიური საფასური?

 

სწავლის საფასურის ოდენობა განისაზღვრება ჩარიცხვის წლისათვის დადგენილი საუნივერსიტეტო ტარიფების შესაბამისად.

 

  • რამდენ ნაწილად შეუძლია სტუდენტს სწავლის საფასურის განაწილება? 

 

ერთი სასწავლო წელი მოიცავს ორ სემესტრს. სწავლის სემესტრული საფასურის გადახდა შესაძლებელია გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.

 

 

  • სად და როგორ უნდა გადაიხადოს სტუდენტმა სწავლის საფასური?

 

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგი ბანკების ნებისმიერ ფილიალებში:

  • თი ბი სი ბანკი
    •ლიბერთი ბანკი
    •TBC Pay-ისა და ლიბერთი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით.

 

 

  • რამდენი კრედიტის არჩევის საშუალება აქვს სტუდენტს ერთი წლის განმავლობაში?

სტუდენტის  სასწავლო წლიური დატვირთვა, თსუ რეგულაციის შესაბამისად, არ უნდა აღემატებოდეს  65 (ECTS) კრედიტს. 

 

·         რა განსხვავებაა სტუდენტის სტასუსის „შეჩერებასა“ და „შეწყვეტას“ შორის?

სტუდენტის სტატუსის შეჩერება გულისხმობს უნივერსიტეტისა და სტუდენტის ურთიერთსანაცვლო უფლებებისა და მოვალეობებისაგან დროებით, მაგრამ არაუმეტეს 5 წლით განთავისუფლებას.

სტატუსის შეწყვეტა გულისხმობს უნივერსიტეტისა და სტუდენტის ურთიერთსანაცვლო უფლებებისა და მოვალეობებისაგან განთავისუფლებას უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსით აღდგენის შესაძლებლობის გარეშე. სტატუსის შეწყვეტიდან 12 თვის განმავლობაში სტატუსი ჯერ კიდევ შეჩერებულად ითვლება და სტუდენტმა უნდა იზრუნოს ამ დროის განმავლობაში მობილობის წესით სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლაზე.

 

·         რა შემთხვევაში უჩერდება სტუდენტს სტატუსი?

თუ სტუდენტი რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში არ გაივლის ადმინისტრაციულ/აკადემიურ რეგისტრაციას უჩერდება სტუდენტის სტატუსი.

  • რა შემთხვევაში უწყდება სტუდენტს სტატუსი?

სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:

  1. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება;
  2. სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო საფეხურზე საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება;
  3. პირადი განცხადება;
  4. ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება;
  5. ფაკულტეტის საბჭოს მიერ სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის „შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე“;
  6. გარდაცვალება.

 

 

·         რა არის მობილობა?

სტუდენტთა თავისუფალი გადაადგილება სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობისათვის როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, რასაც თან სდევს  სწავლის პერიოდში მიღებული განათლების, კრედიტების ან კვალიფიკაციის აღიარება.

  • შესაძლებელია თუ არა სტუდენტმა შეიცვალოს ფაკულტეტი?

სტუდენტს უფლება აქვს  შიდა მობილობით შეიცვალოს ფაკულტეტი, სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.

  • შემიძლია თუ არა საუნივერსიტეტო სტიპენდიით სარგებლობა?

სტიპენდიით დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება სტუდენტთა აკადემიური მოსწრების შესაბამისად. სტიპენდიის თაობაზე უნდა დაუკავშირდეთ შესაბამის ფაკულტეტს (ლინკი).

 

  • როგორ დაგიკავშირდეთ?

 

თსუ-ში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით, კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძილიათ მიმართონ თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს (მისამართი: თბილისი, 0179, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1,
თსუ I კორპუსი, ოთახი N120, ტელ.: +995 32 2 25 04 84, ელ-ფოსტა: academicaffairs@tsu.ge).

 

ფაკულტეტებთან/პროგრამებთან დაკავშირებული კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ:

 

  • ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (ლინკი)
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (ლინკი)
  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (ლინკი)
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (ლინკი)
  • იურიდიული ფაკულტეტი (ლინკი)
  • მედიცინის ფაკულტეტი (ლინკი)
  • ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (ლინკი)