თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია ,,ფილოსოფია და თანამედროვეობა“ გაიმართა.
კონფერენცია ფილოსოფიის მსოფლიო დღის ფარგლებში 2002 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის კონსტანტინე (კოტე) ბაქრაძის დაბადებიდან 126-ე წლისთავს ეძღვნება. ღონისძიების ფარგლებში ყოველწლიური ბილინგვური ჟურნალის „ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველის“ N14-ის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე და თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელი დემურ ჯალაღონია მიესალმნენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთა გარდა ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა, გერმანიის ფედერაციიდან, ლატვიიდან და ყაზახეთიდან. კონფერენცია 15 ნოემბერს დასრულდება.