საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ანთროპოლოგიის ლაბორატორიას უცხოელი სტუმრები ეწვივნენ

თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ კავკასიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ცნობილი ბიოარქეოლოგი და ანთროპოლოგი, ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევარი მორინ ელიზაბეთ მარშალი ეწვია. ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ლიანა ბითაძემ ამერიკელ მეცნიერს, ასევე, ანთროპოლოგებს იტალიიდან, გერმანიიდან და სხვა ევროპული, ახლო აღმოსავლეთისა და ამიერკავკასიის ქვეყნებიდან, დაათვალიერებინა ლაბორატორია, გააცნო აქ არსებული მნიშვნელოვანი კრანიოლოგიური კოლექცია და ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევები.

 

თსუ ანთროპოლოგიის ლაბორატორიაში კვლევები მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე განსახლებულ მოსახლეობაზე სივრცესა და დროში. აქ თავმოყრილია სამხრეთ კავკასიაში ყველაზე სოლიდური კრანიოლოგიური კოლექცია ძვ.წ. IV ათსწლეულიდან თანამედროვე მცირე სერიების ჩათვლით, რაც ანთროპოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით კვლევების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ლაბორატორიის ხელმძღვანელის ლიანა ბითაძის ინფორმაციით, დაგეგმილია რამდენიმე ახალი კვლევის ჩატარება და პროექტის განხორციელება.

 

მსოფლიოს ცნობილი ანთროპოლოგები საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „სამხრეთ კავკასიის ბიოარქეოლოგია“ მონაწილეობდნენ, რომელიც თბილისში გაიმართა და რომლის ორგანიზატორი ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ კავკასიის კვლევითი ინსტიტუტია.

თარიღი: 24/11/2025