თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით უნივერსიტეტის დაარსებისადმი მიძღვნილი პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია „თსუ 107“ გაიხსნა.
ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ნინო გვენეტაძემ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი რუსუდან ცანავა, პროფესორი ანასტასია ზაქარიაძე და პროფესორი მანანა გელაშვილი უნივერსიტეტის ოქროს მედლებით დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის.
კონფერენცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ გახსნა. მისი თქმით თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი უნივერსიტეტის დაარსების თარიღს ტრადიციულად სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნავს ხოლმე. „სწორედ ამ ამ დღეს გვინდა უნივერსიტეტის ოქროს მედლები გადავცეთ იმ პროფესორებს, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით დაიმსახურეს უნივერსიტეტისგან ეს ჯილდო“’,- აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.
კონფერენციაზე თსუ პროფესორებმა წარმოადგინეს მოხსენებები ისტორიის, ფილოლოგიის, ეთნოლოგიის, ანთროპოლოგიის, არქეოლოგიის, ფილოსოფიის, ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 107 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ასევე გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია "თსუ 107".