eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ როლფ კნიპერის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა გამოჩენილი გერმანელი იურისტისა და საქართველოს დიდი მეგობრის პროფესორ როლფ კნიპერის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და მის პატივსაცემად გამოცემული საიუბილეო სამეცნიერო კრებულის პრეზენტაცია.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე და მეხუთე სექციის პრეზიდენტი პროფესორი ლადო ჭანტურია, თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი, დეკანის მოადგილეები, იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, უცხოელი სტუმრები მათ შორის აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, გერმანიიდან და სხვა, ასევე სტუდენტები.

 

ღონისძიება გახსნა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მორის შალიკაშვილმა. მისასალმებელ სიტყვაში მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პროფესორ როლფ კნიპერს საქართველოსა და თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტთან მრავალწლიანი, მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. დეკანის განცხადებით, პროფესორ კნიპერის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებული წარმოადგენს მოკრძალებულ გამოხატულებას იმ მადლიერებისა, რომელსაც ქართული აკადემიური საზოგადოება მისი განსაკუთრებული ღვაწლის მიმართ გამოხატავს. მან ხაზი გაუსვა პროფესორ კნიპერის მნიშვნელოვან წვლილს ქართული კერძო სამართლისა და სამოქალაქო კანონმდებლობის განვითარებაში. პროფესორმა ლადო ჭანტურიამ ისაუბრა პროფესორ როლფ კნიპერის გამორჩეულ როლზე ქართული კერძო სამართლის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში. მისი თქმით, პროფესორი კნიპერი ქართული კერძო სამართლის სათავეებთან მდგომი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, რომლის აქტიური ჩართულობითა და ექსპერტული მხარდაჭერით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემუშავებასა და სრულყოფაში.

 

აღინიშნა, რომ პროფესორ როლფ კნიპერის განსაკუთრებული ღვაწლის აღიარების ნიშნად მას მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. იგი ასევე საქართველოს საპატიო მოქალაქეა, რაც ნათლად ადასტურებს იმ განსაკუთრებულ ადგილს, რომელიც მას უკავია ჩვენი ქვეყნის აკადემიურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

თარიღი: 05/06/2026