
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაერთო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ მიერ დაფინანსებულ ახალი საგრანტო პროექტის „FORGE-AI: ინოვაციური კულტურის ხელშეწყობა ქართული ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების საზოგადოების ახალი თაობისთვის” (FOsteRing innovation culture for a new generation of GEorgian AI research community) – განხორციელებაში. პროექტის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში სასტარტო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, პროექტის კოორდინატორი ორგანიზაციის - სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია და ინსტიტუტის მეცნიერები, უცხოელი მკვლევრები გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრიდან და სხვა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებიდან, „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის, საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიის სააგენტოს (GITA) და ორგანიზაციის - „ევროპული თანამშრომლობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში“ (COST) წარმომადგენლები.
FORGE-AI პროექტის მიზნებისა და განსახორციელებელი აქტივობების შესახებ მოხსენებით წარდგა სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, დოქტორი გიორგი გიორგობიანი. მისი თქმით, პროექტი მიზნად ისახავს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საქართველოს კვლევისა და ინოვაციების (R&I) სისტემის საინოვაციო პოტენციალი და სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით კი ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ახალგაზრდა მკვლევართა კარიერის გასაძლიერებლად მდგრადი პირობები უზრუნველყოს. დაგეგმილია ხელოვნური ინტელექტის დარგში წამყვანი ახალგაზრდა მკვლევრების და კვლევის მენეჯერების („ტალანტების“) ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერება, სექტორთაშორისი მობილობა, ასევე, ეროვნული ინოვაციების მხარდამჭერი დაფინანსების მექანიზმების მოდერნიზება.
საგრანტო პროექტის განხორციელების მიმართულებებზე ისაუბრა გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრის მეცნიერმა, ანდრეი გირენკომ. ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის - HORIZON EUROPE-ის დაფინანსების მოპოვების მნიშვნელობაზე, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების მიზნით ქართული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების აქტიურ პოზიციონირებაზე ყურადღება გაამახვილეს „ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა, GITA-ს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ჯობავამ და COST-ის სამეცნიერო მიმართულების ოფიცერმა, დოქტორმა ინგა დადეშიძემ.
სასტარტო შეხვედრაზე პრეზენტაციებით წარდგნენ პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მეცნიერები, რის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.