FORGE-AI დაფინანსებულია ევროკავშირის HORIZON-WIDERA-2024-TALENTS-03 პროგრამის ფარგლებში. მისი მიზანია საქართველოში ხელოვნური ინტელექტის კვლევისა და ინოვაციების განვითარება. პროექტი აერთიანებს ევროკავშირის, საქართველოსა და სომხეთის 13 წამყვან უნივერსიტეტს, კვლევით ცენტრსა და ინდუსტრიულ პარტნიორს.
მისი მთავარი ამოცანაა ახალგაზრდა ქართველ მკვლევრებს მისცეს ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავების შესაძლებლობა. ამისათვის იგეგმება თანამედროვე ტრენინგები და გრძელვადიანი საერთაშორისო მივლინებები ევროპულ უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში. სულ 25 ქართველი მკვლევარი გაივლის პრაქტიკას საზღვარგარეთ და იმუშავებს მრავალსექტორულ გუნდებში.
პროექტი შექმნის ღია წვდომის ონლაინ პლატფორმას, სადაც ხელმისაწვდომი იქნება მაღალი ხარისხის კვლევითი რესურსები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. მასალებით სარგებლობას შეძლებენ სტუდენტები, მკვლევრები და სხვა პროფესიონალები. პლატფორმა ხელს შეუწყობს ცოდნის გაზიარებას და კვლევის ხელშეწყობას.
გარდა ამისა, FORGE-AI ხელს შეუწყობს პოლიტიკის შემქმნელების, ბიზნესისა და აკადემიური წრის თანამშრომლობას, რათა განავითარონ საქართველოს ეროვნული AI სტრატეგიები, დაახლოვონ ისინი საუკეთესო ევროპულ პრაქტიკებთან, გააუმჯობესონ დაფინანსების მექანიზმები და უზრუნველყონ ინოვაციების მდგრადი განვითარება.
პროექტი ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოების ჩართულობას. რეგულარული ვორქშოფები, ღონისძიებები და ერთობლივი ინიციატივები გააერთიანებს უნივერსიტეტებს, სტარტაპებსა და ინდუსტრიას.
FORGE-AI მიზნად ისახავს, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს, როგორც აქტიური და კონკურენტუნარიანი წევრი გლობალურ ხელოვნური ინტელექტის კვლევით საზოგადოებაში.