საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ვორქშოფი „მესამე მისიის აქტივობების მიმდინარე სტატუსი ქართულ უნივერსიტეტებში“, 2022 წლის 2-3 მარტი

2-3 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერაზმუს+-ის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის SQUARE კონსორციუმის წევრებს უმასპინძლა ვორქშოფის „მესამე მისიის აქტივობების მიმდინარე სტატუსი ქართულ უნივერსიტეტებში“ ფარგლებში.

 

რვა ქართული უნივერსიტეტის: გორის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - წარმომადგენლებმა დამსწრეებს წარუდგინეს ინფორმაცია მათსავე ინსტიტუციებში მესამე მისიის აქტივობების შესახებ ისეთი მიმართულებების მიხედვით, როგორებიცაა: უწყვეტი განათლება, ცოდნის გადაცემა და სოციალური ჩართულობა.

 

კონსორციუმის ევროპელმა პარტნიორებმა ვორქშოფის მონაწილეებს გაუზიარეს მათი გამოცდილება ქართული უნივერსიტეტების კონსულტირებისა და მენტორობის პროცესში არსებული პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.

 

შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ევროპულ სტანდარტებში მესამე მისიის მნიშვნელობის შესახებ ჩატარებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია. კონსორციუმის ქართველმა და ევროპელმა პარტნიორებმა დიდი ინტერესით განიხილეს აღნიშნული კვლევა და მისი შედეგები.

 

ორდღიანი ღონისძიების მიმდინარეობისას მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეზიარებინათ ერთმანეთის გამოცდილება და შეჯერებულიყვნენ პროექტის სამომავლო განვითარებაზე.

 

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გააუმჯობესოს მესამე მისიის მნიშვნელობა და ხარისხი ტოპ-მენეჯმენტის და სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით. უზრუნველყოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის მეთოდოლოგია და სახელმძღვანელო მითითებები თავიანთი მესამე მისიის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასებისათვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროექტის საბოლოო მიზანია დაიდოს მარეგულირებელი დოკუმენტი, რის საფუძველზეც მესამე მისიის როლი ეროვნულ დონეზე განისაზღვრება, როგორც აკრედიტაცია-ავტორიზაციის სავალდებულო კომპონენტი.

 

 

SQUARE ტრენინგი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2021 წლის 5-6 ივლისი

2021 წლის 5 და 6 ივლისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ერაზმუს + პროექტის SQUARE ტრენინგის მეორე ფაზას. ტრეინინგს გაუძღვნენ ევროპელი პარტნიორები საფრანგეთიდან და ფინეთიდან - CNAM და UTU. პროექტის შეხვედრა გახსნეს აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ კაიკაციშვილმა.


ტრენინგი გაიმართა ჰიბრიდულ ფორმატში, რადგან პროექტის პარტნიორები ფინეთიდან და პორტუგალიიდან, შეზღუდვებიდან გამომდინარე, ტრენინგს ონლაინ დაესწრნენ. ქართველ პარტნიორებს ჰქონდათ შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ სიღრმისეულად შეეფასებინათ საკუთარი აქტივობები მესამე მისიის ფარგლებში, მესამე მისიის აქტივობების რუკაზე, რომელიც ინდივიდუალურად მომზადდა ტრენინგამდე, ასევე უნარებსა და რესურსებზე, რაც გააჩნიათ მესამე მისიის აქტივობებისთვის. გაიმართა დისკუსიები, ევროპელმა პარტნიორებმა წარმოადგინეს უკუკავშირი და ხედვა ქართველი პარტნიორების მესანე მისიის პროექტებსა, უნარებსა და რესურსებზე. ქართველი პარტნიორები განაგრძობენ რუკების სრულყოფას.

 

 

 

SQUARE ონლაინ ტრენინგი, 2021 წლის 22-23 თებერვალი

ტრენინგის პირველი ნაწილი კონსორციუმის ევროპელი პარტნიორების - კნამის (საფრანგეთი) და ტურკუს უნივერსიტეტის მიერ ონლაინ გაიმართა 2021 წლის 22-23 თებერვალს. კოვიდ-19-ის პანდემიისგან გამოწვეული მოგზაურობის შეზღუდვის გამო, ტრენინგი, რომელიც იგეგმებოდა 3 დღით, ორ ფაზად გაიყო. ტრენინგის პირველ ფაზაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: მესამე მისიის ისტორია; მესამე თაობის უნივერსიტეტების მამოძრავებელი ძალები; მესამე მისიის უპირატესობები და მნიშვნელობა; მესამე მისია და უნივერსიტეტის იდენტობა და სხვ. (დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დღის წესრიგში აქ).

 

ტრენინგის დროს, Cnam-ისა და ტურკუს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ასევე მიმოიხილეს მესამე მისიის აქტივობები საფრანგეთში, ფინეთსა და საკუთარ უნივერსიტეტებში.

 

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა ასევე განიხილეს აქტივობები, რაც უნდა შესრულდეს თითოეული ქართული უნივერსიტეტის მიერ. ტრენინგის მეორე ფაზისთვის, თითოეულმა უნივერსიტეტმა უნდა მოამზადოს რუკა, რომელიც განსაზღვრავს უნივერსიტეტის პოზიციას მესამე მისიასთან მიმართებაში, და განსაზღვროს მესამე მისიის როგორც მიმდინარე, ასევე პოტენციური პროექტები და რესურსები.