საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

  სამუზეუმო საქმიანობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდი ხნის ისტორია აქვს.

  ჯერ კიდევ უნივერსიტეტის დაფუძნებამდე, ნიკო ცხვედაძის თაოსნობით აშენებულ სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში, ბინა დაიდო წერა-კითხვის გამავრცელებელმა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებამ, რომლებსაც უმდიდრესი სამუზეუმო კოლექციები ჰქონდათ. 1919 წელს, გიორგი ჩუბინაშვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობას და შესთავაზა უნივერსიტეტში ხელოვნების კაბინეტის ან მუზეუმის მოწყობის გეგმა.  მეცნიერის მთავარი არგუმენტი  ის იყო, რომ იმ დროისათვის უნივერსიტეტში თავი მოიყარა  უნიკალურმა ისტორიულ–მხატვრული ღირებულების მქონე ნივთებმა. 
 1921 წელს საქართველოს საეკლესიო სიძველეთა მუზეუმი ქართულ უნივერსიტეტს გადმოეცა. იმ დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში, საეკლესიო სიძველეთა მუზეუმის ექსპონატებთან ერთად, მრავლად იყო საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისა და ხელოვნების ნიმუშები.

 მუზეუმისათვის შეირჩა უნივერსიტეტის შენობაში არსებული გაუქმებული სამლოცველო, სადაც 1924 წლიდან განთავსდა ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმი.

 1925 წელს, განსახკომის განკარგულებით, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმის კოლექციებიც უნივერსიტეტს გადმოეცა. უნივერსიტეტის მესვეურებმა, უნივერსიტეტის დაფუძნებისთანავე, პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, სხვადასხვა პროფილის კოლექციების შეგროვება დაიწყეს. ამ საშვილიშვილო საქმეში მათთან ერთად მონაწილეობდნენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.  შეძენილ იქნა ცნობილი ფოტოგრაფის ვ.ერმაკოვის ფოტოების ნეგატივები, დ.მალუჟენკოს ენტომოლოგიური კოლექცია (63 000 ეგზემპლარი), კავკასიის რელიეფური რუკები, მინერალების კოლექცია...
   ეს ტრადიცია კვლავ გრძელდება. უნივერსიტეტის ამჟამინდელი მუზეუმი 2008 წელს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა და  მანამდე არსებული სამუზეუმო სტრუქტურები და ის კაბინეტები გააერთიანა, რომლებიც სამუზეუმო ფასეულობებს ფლობდნენ, მათ შორის იყო უნივერსიტეტში არსებული ვაჟა-ფშაველას კაბინეტი საკუთარი მდიდარი სამუზეუმო ფონდით, რომელიც  ცნობილი ქართველი მხატვრების  ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს მოიცავდა.   საბოლოოდ მუზეუმი  ისტორიის, არქეოლოგიის, ზოოლოგიის, მინერალოგიის, პალეონტოლოგიისა და ემიგრაციის ფონდების სახით ჩამოყალიბდა.

უნივერსიტეტში  სხვადსახვა სამეცნიერო დარგების დაფუძნებასა და აღორძინებასთან ერთად თანდათან ამოქმედდა მინერალოგიის, პალეონტოლოგიის, ზოოლოგიის, ქართული ემიგრაციის მუზეუმები და სხვადასხვა მიმართულების (არქეოლოგიის, ვაჟა-ფშაველას და სხვა) კაბინეტები. მათ ბაზაზე  2006  წ. შეიქმნა ერთიანი თსუ მუზეუმი.

   მუზეუმის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: სამუზეუმო ექსპონატების მოძიება, დაცვა, ექსპონირება, სამუზეუმო კოლექციების ოპტიმიზაცია-რესტავრაცია. თსუ მუზეუმის მიზანია ამ პროცესში სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართვა.

 

მუზეუმის დებულება